
ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა. ტელეკომპანია „მთავარი არხის" ცნობით, ეს კანდიდატები იქნებიან შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, ზაალ უდუმაშვილი.
„არანაირი საბოლოო შეთანხმება ჯერ არაა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა იყოს საერთო შეთანხმების საფუძველი და ასეც იქნება. ყველა, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, უნდა იყოს საერთო შეთანხმების მონაწილე. ეს სია არის ჰიპოთეტური. როგორც ჩანს, ვიღაცის აზრია.
„საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ყველა პოლიტიკური პარტიის შეთანხმებას, რომელიც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებშია ჩართული. მთავარია, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა მისი მონაწილის აზრი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითო ოლქში იყოს თითო ოპოზიციური კანდიდატი, ამ შემთხვევაში „პატრიოტთა ალიანსს" არ ვგულისხმობთ, რადგან ის ხელისუფლებასთან დაახლოებულ სატელიტად მიმაჩნია. დანარჩენი პარტიები ამ მაგიდასთან ვართ. 4 აპრილს გაჟღერდება ის გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ," - უთხრა „რეზონანსს" ჩხარტიშვილმა.
ცნობისათვის, გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, ეს უნდა მოხდეს არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად და საზოგადოებისთვის გასაგებად.
„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დასრულებულია მოლაპარაკება და უკვე არსებობს შეთანხმება თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, საუბარია მაჟორიტარობის კანდიდატების სიაზე და ჩემი გვარიც იყო მათ შორის ნახსენები. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირი შეთანხმება არც ჩემსა და არც „სამოქალაქო მოძრაობის" სხვა ლიდერებს შორის დანარჩენ ოპოზიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. იყო მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. თუ შეთანხმება მოხდება, ეს უნდა მოხდეს არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად, გამჭვირვალედ და რაც მთავარია საზოგადოებისთვის გასაგებად," - თქვა ალეკო ელისაშვილმა.