
გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა, ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მამუკა ჩიქოვანმა უარყო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ოლქში ვიხილოთ ის პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ 4 აპრილს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე გახდება ცნობილი. იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებად ის ახალი სახეებიც იყვნენ წარდგენილი, „ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში."
„ზოგადად, შეთანხმება ოპოზიციურ სპექტრს შორის მიღწეულია თბილისთან დაკავშირებით, მაგრამ ასე ცალკეულ კანდიდატებზე ამ წუთისთვის გარცელებული ინფორმაცია სწორი არ არის. 4 აპრილს დაანონსებულ აქციაზე აუცილებლად გაჟღერდება ზუსტი ინფორმაცია იმ კანდიდატების შესახებ, ვინც იქნება არა მარტო თბილისში, არამედ გარკვეული რეგიონების მასშტაბით და ოპოზიციას ეყოლება საერთო კანდიდატები.
„ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ ყველა უნდა გავიდეს ერთის წინააღმდეგ. ყველა ოპოზიციური ლიდერი აქტიურად იქნება ჩართული ამ ბრძოლაში. ზოგი თქვენს მიერ დასახელებული, მაღალრეიტინგული კანდიდატები კიდევაც უნდა იყვნენ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატებად. არსებული სისტემის ფარგლებში მოგვიწევს ხელისუფლების დამარცხება და სწორედ ეს ლიდერები უნდა იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში," - თქვა ჩიქოვანმა.
„რეზონანსის" კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ ახალი სახეები, აღნიშნა: „რატომაც არა. სავსებით მისაღები და მოსალოდნელიც არის. ის ადამიანები, ვინც აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სავსებით მოსალოდნელია იყვნენ წარმოდგენილი და მოხდეს ერთიანი შეთანხმება მათი კანდიდატებად დაყენების შესახებ," - დასძინა მან.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა, „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც უარყო. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ეს არის ერთი კონკრეტული ტელევიზიის მიერ წარმოდგენილი სია და მოლაპარაკება ჯერ გვარების დასახელებამდე არ მისულა.
ცნობისათვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ცნობით, თბილისში ოპოზიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, ზაალ უდუმაშვილი.
თუმცა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაცია უარყო. ამასთან, „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის" გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მისი თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, ეს უნდა მოხდეს არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად და საზოგადოებისთვის გასაგებად.