
ეროვნული ბანკის დაპირება, რომ რეგულაციებს შეარბილებს, ვერ სრულდება. საქმე ისე მიდის, რომ პირველი მარტიდან შესაძლოა, საბანკო რეგულაციები აღარ გამარტივდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაზაფხულიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები მარტიდან ვეღარ ამოქმედდება და მომდევნო თვეებზე გადაინაცვლებს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება რეგულაციების შერბილება.
ამჟამად, ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისევ მიმდინარეობს ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალ წესებზე მუშაობა, ამიტომ, ჯერჯერობით, უცნობია, როდიდან შეძლებს ეროვნული ბანკი დადებული პირობის შესრულებას.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებზე საბოლოო პასუხები არ არსებობს, რის გამოც მოხდა გადავადება.
,,რეგულაციების საკითხი მოლაპარაკების ეტაპზეა. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხები არ გვაქვს. პირველადი დრაფტი არის ცნობილი, მაგრამ არის გარკვეული კითხვები და ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ მარტში ამოქმედდება, მაგრამ პირველი მარტიდან სავარაუდოდ, ვეღარ ამოქმედდება, რადგან გარკვეული პერიოდი ბანკებისთვისაც აუცილებელია, რომ აღნიშნული ცვლილებების ასახვა მოახდინონ," - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
2019 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში ცვლილებების შეტანაზე და მის გამარტივებაზე მუშაობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ცვლილებების ამოქმედება 2020 წლის მარტიდან იგეგმებოდა.
,,საზოგადოება და ბანკებში” იმედოვნებენ, რომ რეგულაციების დაპირებული შერბილება დიდხანს არ გადავადდება და სწრაფად ამოქმედდება. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ საბანკო რეგულაციების შერბილება მნიშვნელოვანია, რადგან ცვლილებების გამარტივება მომხმარებლისთვის ხელისშემწყობი იქნება.
,,პირველ რიგში, უნდა ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი რეგულაციის მოხსა იქნება თუ რაიმე ცვლილება, განხორციელდება ისეთ უდიდეს სექტორში, როგორიცაა საბანკო სფერო, უნდა იყოს განჭვრეტადი და პროგნოზირებადი. ამ სექტორის წარმომადგენლებმა და მათმა მილიონობით მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა პირობებია, როდიდან, როგორ და რა მოხდება. ეს არ უნდა ხდებოდეს ფორსმაჟორის პირობებში და სწრაფ ტემპში.
რამდენადაც ვიცი, მარტი ისევ ძალაშია და იმედია, რომ დროულად ამოქმედდება შერბილებული რეგულაციები, რომელიც ძალიან ბევრ მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ აიღოს სესხი და უფრო მეტი თანხა ისესხოს თუ მას სჭირდება. მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხალხმა თანხა, უბრალოდ, უნდა ისესხოს. კრედიტის აღების აუცილებლობა თუ არ არსებობს, სჯობს, საერთოდ არ ისესხონ თანხა.
არა მგონია, რომ კიდევ მეტად გადავადდეს. ყოველ შემთხვევაში, შერბილებაზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც. მოსალოდნელი იყო და შეარბილებენ კიდეც. ვფიქრობ, რაღაც ტექნიკური საკითხია და რეგულაციების შერბილება დიდი ხნით არ გადავადდება”, - განუცხადა “რეზონანსს” კეპულაძემ.
რეგულაციების შემოღების თავდაპირველი ჩანაფიქრი ჭარბვალიანობის შემცირება იყო. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობისთვის სესხი იმდენად ხელმისაწვდომი აღარ არის, რამდენადაც ეს რეგულაციებამდე იყო. ამან კი, მოსახლეობაში გარკვეული სახის პროტესტი გამოიწვია.
ეკონომისტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, რაიმე სახის შეთანხმება ვერ იქნას მიღწეული, რადგან სხვადასხვა ჯგუფებში აზრთა სხვადასხვაობაა.
,,ჩემი აზრით, ეს შეზღუდვები იყო შემოტანილი არა საბანკო, არამედ ფისკალური ინტერვეციებიდან გამომდინარე. ხალხი იღებს სესხს და მათ არ გააჩნიათ დადასტურებული შემოსავლის წყარო, მათი მოთხოვნა იყო, რომ ოფიციალური წყაროები გამხდარიყო ხილვადი, რათა შესაბამისად დაბეგრილიყო. ეს იყო თავდაპირველი ამოცანა. ახლა, როგორც ჩანს, ვერ გაარკვიეს რა გზით წავიდნენ.
ეტყობა, სხვადასხვა დაჯგუფებას, სხვადასხვა აზრი აქვს, ამასთან დაკავშირებით. იყო ისეთი ხალხი, ვინც სესხს იღებდა და შემდეგ ისტუმრებდა, მაგრამ, აქ ჩემი აზრით, კრედიტის აღება-აუღებლობაზე არ იყო საუბარი. პრობლემა ის იყო, რომ ადამიანი იღებდა სესხს, მას ჰქონდა შემოსავალი, რომელიც დეკლარილებული არ ჰქონდა და საგადასახადო ვერ ბეგრავდა.
ისე ღრმად არ ვარ მათ შიდა სამზარეულოში გარკვეული, რომ გავაკეთო პროგნოზი რას აპირებენ. ფაქტია, რომ ამოცანიდან გამომდინარე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მათ ფისკალური ინტერესი ჰქონდათ”, - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას შეშელიძემ.