თამთა ჩაჩანიძე
27.02.2020

კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით პანიკა დათესა, იმის გამო, რომ ვირუსის საწინაღმდეგო მედიკამენტი ჯერ შემუშავებული არაა და თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო პირბადე ითვლება, აფთიაქებში მათი დეფიცითი შეიქმნა, ზოგიერთ მათგანში კი მარაგი საერთოდ ამოწურულია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა,რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საქართველო საზღვრებზე კონტროლს აძლიერებს, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიდეს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგობარეობაზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,მას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ვახტანგ ქაცარავა „რეზონასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო, საზოგადობაში გაჩენილი პანიკა გადაჭარბებულია, რადგან ეს ისეთი საფრთხე არაა, როგორიც საზოგადოებას წარმოუდგენია.

„რატომაა ასეთი პანიკა ამ ყველაფრის გარშემო, მიკვირს, მასმედია ცდილობს, რომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კარგად გააცნოს თუ რა ხდება ამ ვირუსის თაობაზე, მაგრამ ეტყობა ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, ვფიქრობ, რომ ეს არაა ისეთი საფრთხე, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია.

„მგონია, რომ ამჯერად ინფექციის პიკია, განსაკუთრებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ, რასაც ვხედავ, ესაა ვირუსის პიკი, ალბათ ჯერჯერობით მომატება კიდევ იქნება და შემდეგ, ალბათ ორ კვირაში დაკლებისკენ წავა.

„ეს ჩვეულებრივი ვირუსულული ინფექციააა, შარშანდელთან და შარშანწინდელ ვირუსებისგან განსხვავებას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ სიკვდილიანობა რა თქმა უნდა არის, მაგრამ იმ საზღვრებს არ აღემატება, რაც შარშან და შარშანწინ იყო.

"აღნიშნული ვირუსი ძირითადად ხანში შესულ ადამიანებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს აზიანებს და საერთო ჯამში 2%-ს არ აღემატება, ეს პროცენტი საერთო ჯამში აბსოლუტურად დასაშვებია, რა თქმა უნდა, ამ პროცენტების უკან სამწუხაროდ ადამიანების სიცოცხლეა, მაგრამ, ჩვენ ამ შემთხევაში მაინც პროცენტებით ვანგარიშობთ" - განაცხადა მან.

მისივე რეკომენდაციით, მოსახლეობამ ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ, საცხოვრებელი ოთახები ხშირად გავანიავოთ, ასევე, სამედიცინო პირბადეებიც გავიკეთოთ, რათა ვირუსის რისკი 40-50%-ით შევამციროთ.

„პირბადეები ვირუსისაგან სრულიად ვერ დაგვიცავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროა იმისთვის, რომ რისკი 40- 50%-მდე შევამციროთ, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გავიკეთოთ, თუმცა ეს პანაცეა არ გახლავთ - ეს არაა მეთოდი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ვირუსი 100%-ით ავიცილოთ.

"ვურჩევ ყველას, რომ შეკრების ადგილებში თავი რარაცნაირად დავიცვათ, მაგალითად, მე და ჩემს ასისტენტს პირბადეები გვიკეთია და პაციენტებს ისე ვიღებთ.

„პირველი რეკომენდაცია ისაა, რომ ხელები ხშირად დავიბანოთ, იმიტომ, რომ ხელის ჩამორთმევით და ხელის შეხებით ვირუსი პირის ღრუში მოხვედრით გადადის. აუცილებლად ის ოთახები, სადაც ვართ, ხშირად უნდა გავანიავოთ, ვერიდოთ იმ ადგილებს, სადაც ბევრი ხალხია, ეს რეკომენდაციები იგივეა რაც შარშან და შარშანწინ გვქონდა.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ნუ შეეშინდებათ, ნუ აჰყვებიან პანიკას, ეს ისეთი დაავადება არაა, სხვათა შორის, ავტოავარიებისგან, ნარკოტიკების, ალკოჰოლის მიღებისგან და სიგარეტის მოწევისგან გაცილებით მეტი ადამიანები იღუპებიან.

„კორონავირუსის სიმპტომებია, თავის ტკივილი, მაღალი სიცხე, ხველა, იმ შემთხვევაში თუ სუნთქვა გაძნელდა, ტემპერატურამ მოიმატა, მაშინ რა თქმა უნდა, უნდა მივმართოთ ექიმს, უბრალო ტემპერატურის მატებისა და სახსრებში ტკივილების შემთხვევაში მაინცდამაინც ექიმთან მისვლა საჭირო არაა, იმ შემთხევაში თუ ვიგრძნობთ, რომ რესპირატორული უკმარისობაც გვექნება, უნდა მივმართოთ ექიმს, ან გამოვიძახოთ სასწრაფო.

„ეს ახალგაზრდებს ნაკლებად ეხებათ, ეს უფრო რისკჯგუფს ეხება, რომელიც ქრონიკულად დაავადებული პაციენტები არიან, ესაა ქრონიკული ბრონქიტები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ონკოლოლოგიური დაავადებები, ფიზიოტერაპიული პაციენტები, და ა.შ., ასევე ასაკოვანი ხალხი, აი ამ ჯგუფებში მაღალი ტემპერატურის და ინტოქსიკაციის დაწყებისთანავე, რა თქმა უნდა, უნდა მივმართოთ ექიმს.

„რაც შეეხება არარისკ ჯგუფს, აქ დასაშვებია მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ხველა, მაგრამ ამ ჯგუფშიც თუ სუნთქვითი უკმარისობის ელემენტები განვითარდება, მაშინ რა თქმა უნდა, ექიმთან მიმართვა აღარ უნდა გადავდოთ."-განაცხადა ვახტანგ ქაცარავამ.

თბილისის მკვიდრი მარიამ ხეჩუაშვილი „რეზონასთან" აცხადებს, რომ კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირებამ საქართველოში პანიკა დათესა, რამაც აფთიაქებში სამედიცინო პირბადეების, ხოლო სუპარმარკეტებში პროდუქტების დეფიციტი შექმნა.

„კორონავირუსის საქართველოში გავრცელებამ პანიკაში ჩამაგდო, თან სოციალურ ქსელებში ინფორმაციები პროდუქტისა და პირბადეების დეფიციტზეც ვრცელდება, რაც არა მხოლოდ ჩვენს ოჯახში, არამედ მოსახლეობის უმეტესობაში პანიკას უფრო მეტად ზრდის, მეც ისევე, როგორც ყველა, თავდაცვის მიზნით პირბადეების საყიდლად აფთიაქები შემოვიარე, თუმცა, პანიკის გამო ყველა პირბადეს ყიდულობს და დეფიცტი შეიქმნა, რამდენიმე აფთიაქში პირბადე არაა და სადაცაა, მარაგი ცოტაა, მათი ფასი  ლარნახევრამდე მერყეობს, რაც ადრინდელ ფასზე სამჯერ და ოთხჯერ მეტია.

„შიშის საფუძველს ისიც მიზრდის , რომ მყავს ორი თვის პატარა და მთელი ოჯახი  ვცდილობთ სამსახურებიდან დაბრუნებულებმა ჰიგიენა მაქსიმალურად დავიცვათ, რათა ვირუსი სახლამდე არ მოგვყვეს, პირბადე კი თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მეტ-ნაკლებად ამცირებს რისკებს და ესეც აფთიაქებში უკვე დეფიციტია.

„ყოველდღე საინფორმაციო გამოშვებების საშუალებით ყურადღებით ვადევნებდით თვალს კორონავირუსის გავრცელების რისკებს და მე და ჩემი ოჯახი მუდმივად ვითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს.

"ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სოციალური ქსელებში თუ პირდაპირი საუბრებით, ყველა ადამიანმა ჩემის ჩათვლით მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი, რომ ასეთი სახის პანიკა ხალხში არ დათესოს" - განაცხადა ხეჩუაშვილმა „რეზონასთან".

კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×