
კორონავირუსთან დაკავშირებით მედიკოსების მსგავსად ასტროლოგებიც დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ - ისინი მიიჩნევენ, რომ ასტროლოგიური თვალსაზრისით, საქართველოში ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და ვირუსის მასობრივი გავრცელება არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადა, საზოგადოება პანიკამ მოიცვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ შეშინებულმა მოსახლეობამ საკვები პროდუქტი და ვირუსის თავდაცვის საშუალებები მოიმარაგა, რამაც პროდუქტების გარკვეული დეფიციტი შექმნა სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში.
ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი „რეზონასთან" აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს ეპიდემიის სახეს არ მიიღებს.
„კორონავირუსის დედამიწაზე გამოჩენა მაშინ მოხდა, როცა შავი მთვარე თევზების ზოდიაქოში თავის ტრანზიტს ასრულებდა, ეს ცხრა წელიწადში ერთხელ ხდება, ცხრა წლის შემდეგ ისევ ახალი ვირუსი გამოჩნდება.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჰოროსკოპში ვირუსებით და ეპიდემიებით ადამიანების დაღუპვის ალბათობა 27 იანვრამდე უფრო მეტი იყო, 27 იანვრის შემდეგ,საქართველოს ჰოროსკოპში ეს უკვე მოსალოდნელი აღარ არის.
„თუმცა კორონავირუსის ერთი ფაქტი გამოჩნდა, მაგრამ ეს ეპიდემიის სახეს ნამდვილად არ მიიღებს, ვფიქრობ, რომ კორონავირუსი პანდემიის სახესაც არ მიიღებს, როგორც მაგალითად ღორის გრიპის აფეთქება იყო.
„სხვათა შორის, იმ დროს , როცა ღორის გრიპი გაჩნდა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ახლა. ასე რომ, მგონია, რომ ჩვენთან პანიკა უფრო მეტია, ვიდრე საფრთხე, შემიძლია ასტროლოგიურად ზუსტად ვთქვა, რომ საქართველოში ეპიდემია არ იქნება" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, „შავი მთვარე თევზების ზოდიაქოდან გამოსულია", რაც ვირუსების გავრცელების საფრთხეს ამცირებს.
„ვინაიდან შავი მთვარე თევზების ზოდიაქოში არ იმყოფება, თევზების ზოდიაქო კი საქართველოში სხვადასხვა ვირუსებისა და ეპიდემიის სფეროს განაგებს, შავი მთვარე კი თევზების ზოდიაქოდან გამოსულია, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ამ ვირუსების საფრთხე არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ახლაა, ანუ რაღაც კატასტროფა არ შეიქმნება."-განაცხადა ბუტიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,მას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს-ამის შესახებ ნფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.