თამარ შუკვანი
28.02.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, 17 პაციენტიდან 11-ს კვლევა უკვე ჩაუტარდა და მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. „ტვ პირველის" თანამშრომლის მდგომარეობა კი სტაბილურია. იგი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ლაბორატორიული ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შსს-მ ახალი ზომები მიიღო. უწყების სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ ჟურნალისტებს სასაზღვრო პუნქტებში გადაადგილება შეეზღუდებათ.

„რადიო თავისუფლება" იუწყება, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს დროებით ამცირებს. ცვლილება ახალი კორონავირუსის საფრთხის მიზეზით შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. ფრენების სიხშირეები შემცირებულია იტალიის მიმართულებით სხვა ქვეყნებიდანაც.

„აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში 4 რეისის ნაცვლად ფრენა კვირაში ერთხელ - პარასკევობით შესრულდება. ქალაქი რომის მიმართულებით 18 მარტიდან 25 მარტამდე გაუქმდა ოთხშაბათის ფრენები. ქალაქ ბოლონიის მიმართულებით 17 მარტიდან 24 მარტამდე ფრენები კვირაში ერთხელ შაბათობით შესრულდება. ქალაქ ბარის მიმართულებით კი 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაუქმდა სამი ფრენა. ფრენები კვირაში ერთხელ მხოლოდ კვირა დღეს შესრულდება.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 36 574-ს შეადგენს.

ფატალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ 70 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული, აქედან: 26 - ირანში, 17- იტალიაში, 13 სამხრეთ კორეაში, 8 - იაპონიაში, 2-2 - ჰონგ-კონგსა და საფრანგეთში, თითო შემთხვევა კი ფილიპინებსა და ტაივანში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, მსოფლიოში ვირუსით 83 045 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 78 824 ჩინეთში, დანარჩენი კი - მის ფარგლებს გარეთ.

დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ნიგერიასა და ლიეტუვაში. ნიგერიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი იტალიის მოქალაქეა, რომელიც ნიგერიაშია დასაქმებული და მილანიდან 25 თებერვალს დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ლიეტუვას, კორონავირუსი ქალბატონს გამოუვლინდა, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონადან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. პაციენტს ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნება.

ცნობისათვის, 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კლინიკურად ჯანმრთელია.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გამყრელიძემ ერთგვარი განმარტება გააკეთა, რომ შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება. მისი ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×