თამარ შუკვანი
28.02.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციასთან მოლაპარაკების მიღწევის ბოლო ვადად თებერვლის ბოლოს ასახელებენ, რადგან, „შემდეგ კანონში ცვლილების შეტანა ვეღარ მოესწრება," თუმცა, „ლელო საქართველოსთვის" წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ რაიმე კონკრეტული ვადა არ არსებობს. თუკი მხარეები შემდგომ მაინც შეძლებენ შეთანხმებას, კანონში ცვლილების შეტანა დაგვიანებული არ იქნება.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დიდი ალბათობით აღდგება, მეტიც მხარეებმა შესაძლოა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ. ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმების ბოლო ვადად თებერვლის ბოლოს ასახელებენ.

„რაიმე კონკრეტული ვადა არ არის, თვითონ თუ დაადგენენ რაღაც ვადას, თორემ კანონით რაიმე განსაზღვრული ვადა არ არსებობს. ეს იყო არა კანონზე დაფუძნებული, არამედ „ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ეს არის ბოლო ვადა.

„კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას სჭირდება გარკვეული დრო. ეს დრო არის დაახლოებით ორი თვე. ეს ყველაფერი უნდა მოესწროს მანამ, სანამ არჩევნები დაინიშნება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ საარჩევნო კოდექსშიც უნდა იქნას შეტანილი ცვლილებები, რასაც ასევე დრო სჭირდება. ამიტომ, ზაფხულში უკვე უნდა დამთავრდეს, როგორც კონსტიტუციაში, ასეევე საარჩევნო კოდექსში ყველა ცვლილების შეტანა, დაახლოებით ივლისის თვეში მაინც," - უთხრა ხმალაძემ „რეზონანსს".

27 თებერვალს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გაიმართა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი მალე დაინიშნება. ყველა მხრიდან არსებობს მზადყოფნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთავარ პრინციპებზე შეთანხმება შედგეს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა წარმოადგინა, რაც ირაკლი კობახიძემ უარყო. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი წინადადება არ დასმულა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილე მხარეებმა განაცხადეს, გაჟღერდა რამდენიმე მოსაზრება, კერძოდ: პროპორციული სისტემით თუ პარტია 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა ეზღუდება. ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების" ლიდერის გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

თუმცა, ხელისუფლება მზად არის მოხსნას ეს შეზღუდვა. თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დეტალებზე, დიპლომატებთან შეხვედრაზე არანაირი შეთავაზება არ ყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×