
საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დადასტურდა და დიდი ალბათობით მათი რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, საქართველოს მოქალაქეა და იგი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოვიდა. მას ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო. ამჟამად სპეციალისტები გამალებით ეძებენ იმ ხალხს, რომლებიც დაავადებულთან კონტაქტში იყო მისი ჩამოსვლის შემდეგ. ფიქრობენ, რომ ზოგიერთს ასევე შეიძლება აღმოაჩნდეს ვირუსი.
გამყრელიძის თქმით, დაავადებული მოქალაქე ჩრდილოეთ იტალიაში 5 დღიან მოგზაურობაში იყო და ის საქართველოში ოთხშაბათს დაბრუნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ დაინფიცირებულის სქესს და ასაკს, ასევე კონკრეტულად, იტალიის რომელი ქალაქიდან განხორციელდა ფრენა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 28 თებერვალს აღებული 24 სინჯიდან დიდი ალბათობით კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდება. მისი თქმით, მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, დღევანდელი რიცხვით, კარანტიში საქართველოში 87 პირი იმყოფება.
„ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ეძლევათ," - აღნიშნა გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, იტალიიდან ჩამოსულმა პირებმა, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.
ცნობისათვის, 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კლინიკურად ჯანმრთელია.
ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 36 574-ს შეადგენს. ფატალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა.