
პაციენტისთვის კორონავირუსის დასადგენად ჩასატარებელი ყველა გამოკვლევების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუმცა, როგორც ექიმ-ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „რეზონანსს" უთხრა, ტესტირების ჩატარება „ინტერესის გულისთვის" არ ხდება, არამედ ამის საფუძველი უნდა არსებობდეს.
გამყრელიძის თქმით, თუ პაციენტს გამოკვლევების შედეგად კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა, შემდგომი მკურნალობის ხარჯებსაც სრულად სახელმწიფო გაიღებს.
კონკრეტულად, ვინ უნდა ჩაიტაროს ტესტირება და რა კატეგორიის ადამიანებზეა საუბარი, ამის შესახებ „რეზონანსი" ექიმ-ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.
„ასე მასიურად, ინტერესის გულისათვის ადამიანი მივიდეს და გამოიკვლიოს, ასე არ ხდება. უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი. მაგალითად, თუ პაციენტი სიმპტომებით მიმართავს პირველად ჯანდაცვას და ექიმმა გადაწყვიტა, რომ საეჭვოა კორონავირუსი, ეპიდემიოლოგიური ან კლინიკური ნიშნების საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოში გადაამისამართებს ან პირდაპირ ინფექციურ საავადამყოფოს მიმართავს, სადაც ექიმები შეაფასებენ და გამოკვლევას დაუნიშნავენ.
„ასე პირდაპირ ჩავიტაროთ ნებისმიერი ანალიზი, ვერ მოხდება, რადგან ასეთ შემთხვევაში უამრავი ადამიანი ირაციონალურად გადაწყვეტს გამოკვლევის ჩატარებას. ამის არც საჭიროებაა და არც რესურსი არ არსებობს," - აღნიშნა მან.
რამდენად მოსალოდნელია, რომ ახალმა კორონავირუსმა მასიური ხასიათი მიიღოს, დასძინა: „ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევებმა მოიმატოს. ორივე შემთხვევაში შემოტანილია, თუ უკვე ქვეყნის შიგნით დაფიქსირდება, შემდეგ ალბათ უფრო მეტად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა," - თქვა ბუწაშვილმა.
ცნობისათვის, 28 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, საქართველოს მოქალაქეა და იგი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოვიდა. მას ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო.
შეგახსენებთ, 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კლინიკურად ჯანმრთელია.