
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია. ის, ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე კი, 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.
ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდა. მგზავრები ამჯერად მილანიდან ჩამოფრინდნენ. უსაფრთხოების მიზნით მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. არც ერთ მათგანს ვირუსის ნიშნები არ დაუფიქსირდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით კი მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს.
საუბარი საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას შეეხო. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები. ასევე სახმელეთო საზღვრებზე არსებული სიტუაცია.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ფილიალები.
„მოვისმინეთ, რა პრობლემები შეექმნათ ჩვენს უწყებებს. მობილიზებულია ბათუმის და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო. გვაქვს რესურსი ზუგდიდში, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არსებობს,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აღნიშნავს, რომ საკარანტინო ადგილების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
„დღეისათვის საჩხერეში 200-მდე ადგილია გამოყოფილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკარანტინო ადგილები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. ევროპიდან მოგზაურების რაოდენობა სავარაუდოდ მოიმატებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ირანისა და იტალიის მიმართულებით კი სატვირთო გადაზიდვები შეწყდა. გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო, რადგან საქართველოში დადასტურებული ვირუსით დაინფიცირების ორივე შემთხვევა სწორედ ამ ქვეყნებში ვიზიტს უკავშირდება. სატვირთო გადაზიდვების გარდა, შეჩერებულია მგზავრთა გადაყვანის პროცესიც.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდება.
„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა და ბანკი პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ნორმებს ახორციელებს.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ კომპანიაში.
მგზავრების თქმით კი, რომლებიც იტალიიდდან საქართველოში ჩამოფრინდნენ, ამბობენ, რომ აქ უფრო მძაფრად იგრძნობა პანიკა, ვიდრე ეს მილანში იყო, სამედიცინო შემოწმება კი ორივე აეროპორტში გაიარეს.
„შემოწმება გავიარე. აქ პანიკა დამხვდა. ასეთი მდგომარეობა მილანში ნამდვილად არ არის, უბრალოდ ადამიანები საზოგადოების თავშეყრის ადგილებს უფრო მეტად არიდებენ თავს,“ - განაცხადა მილანიდან ჩამოსულმა მგზავრმა.
მგზავრების თქმით, საქართველოს აეროპორტში ბლანკები შეავსეს, რათა ექიმები შემდგომაც დაუკავშირდნენ და მგზავრების მდგომარეობა გადაამოწმონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ მთავრობის რეკომენდაციები დაიცვას.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც მაღალი რისკია. დაიცვან მაქსიმალურად ჰიგიენის ნორმები,“ - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს.