
კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს საპატრიარქოს ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული მიმართვა თუ რეკომენდაცია მრევლისთვის არ აქვს. როგორც ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „რეზონანსს" უთხრა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს და ამას „პარტიარქი გადაწყვეტს".
რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, კორონავირუსის გამო, მორწმუნეებს მიმართა რეკომენდაციით, რომ ეკლესიებში ხატებს არ აკოცონ. ასევე მორწმუნეებს ზიარების მიღებისას ნება ეძლევათ საკუთარი კოვზი გამოიყენონ. მეუფე სტეფანეს თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოს საპატრიარქო არ მიიღებს, რადგან „სარწმუნოება ამას არ მოიაზრებს."
„სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ისე, სარწმუნოების მოსაზრებით, უფალი განაგებს ეკლესიაში ყველაფერს. ზიარება და ხატებზე მთხვევა - ეს არ არის სასადილოში ჭამა-სმა და ერთმანეთის გადაკოცნა. სარწმუნოება უნდა ამას, რომ გაიგოს ადამიანმა.
„ჩვენთან ასეთი რაღაც არ მგონია, რომ ვინმემ თქვას. თუ ვინმე კერძო პირი იტყვის, არ ვიცი, მაგრამ ეკლესიისგან ასეთი გადაწყვეტილება არმგონია მიღებული იყოს," - თქვა მიტროპოლიტმა.
პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნულის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა:
„ჩვენი ინფორმაციით, კოვზების შესახებ ეს რეკომენდაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ხატებს, ისედაც არ არის მკაცრად განსაზრვრული საკითხი, ემთხვევა მლოცველი ხატს თუ არა," - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.