
„დარწმუნებულები ვართ, რომ არავითარი სამთავრობო ცვლილება არ იქნება, არჩევნებზე გუნდი ასეთივე შემადგენლობით გავა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
პირველი მინიშნება სამთავრობო ცვლილებებზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, რომელმაც 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მას და მის გუნდს მთავრობაში ყოფნის „სულ რამდენიმე თვე" დარჩათ.
ერთი კვირის წინ სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ურჩია „დაველოდოთ გაზაფხულს".
ქანთარია მიიჩნევს, რომ ამჯერად „ქართული ოცნება" სამთავრობო ცვლილებებ არ საჭიროებს.
„მეეჭვება, არა მგონია... ჯერ ერთი, არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და არც მგონია, რომ ახლა რაიმე სამთავრობო ცვლილება საჭირო იყოს, ასე რომ, დარწმუნებული ვართ, რომ არავითარი სამთავრობო ცვლილება არ იქნება. არჩევნებისკენ გუნდი ასეთივე შემადგენლობით გავა", -განაცხადა ქანთარიამ.
კითხვაზე, თუ თავად როგორ ახსნის გახარიას მინიშნებას, მან გვიპასუხა:
„რომ დაესევიან და ჩააცივდებიან, ალბათ რაღაცას იტყვის - აბა, რას იზამს, ან გაიხუმრებს, ან, ბუნებრივია, ისეთ რაღაცას იტყვის, რომ შემდეგ ორაზროვანი გახდეს და ფიქრი დაიწყონ", -განაცხადა ქანთარიამ.