
მას შემდეგ,რაც თურქეთმა სირიელ მიგრანტებს საზღვარი გაუხსნა და ევროკავშირის ტერიტორიაზე 18 ათასი ადამიანი გადავიდა, საბერძნეთმა და ბულგარეთმა თურქეთთან საზღვრები ჩაკეტეს. უკვე მოხდა პირველი შეტაკებები ბულგარელ მესაზღვრეებსა და მიგრანტებს შორის. არაოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილია კონცენტრირებული, რომლებიც დასავლეთ ევროპაში ცდილობენ გადასვლას. რამდენად შესაძლებელია, რომ მათი ნაწილი საქართველოსკენ დაიძრას და ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვრების დაკეტვის გამო, დასავლეთ ევროპაში მოხვედრა საქართველოს გავლით სცადოს?
სირიელ მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 29 თებერვალს განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვალდებულები არ ვართ ამდენი მიგრანტი მივიღოთ. ევროპა დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერს აკეთებს. ამიტომ გუშინ ჩვენ საზღვრები გავხსენით“, - განაცხადა ერდოღანმა.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონასთან“ ამბობს, რომ თუ საბერძნეთს ლტოლვილთა ძლიერი ტალღა მიაწყდა, საზღვრის ჩაკეტვა ვეღარაფერს უშველის და პროცესები უმართავი გახდება.
„ეს ევროპის ქვეყნებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა, უპირველესად ამ ორი ქვეყნისთვის - საბერძნეთი და ბულგარეთი. საზღვრების ჩაკეტვაც პრინციპში პირობითია. სხვათა შორის, ამ დღეებში რუსეთის მიერ თურქეთის საჯარისო ნაწილების დაბომბვის თაობაზე საბერძნეთის ვეტოს გამო ნატო-ს განცხადების მიღება დაიბლოკა.
„საბერძნეთი ნატო-სგან სწორედ ამ მიგრანტების საკითხში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ითხოვდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში მიგრანტების საკითხი სწორედ საბერძნეთს ემუქრება. პრინციპში, საბერძნეთის გავლით მიგრანტები უფრო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ გადასვლას შეეცდებიან, მაგრამ პირველი დარტყმის თავის თავზე აღებას რა თქმა უნდა მაინც საბერძნეთს მოუწევს.
„თუ საზღვართან პირობითად ათასი კაცი მივა, შესაძლოა საბერძნეთმა საზღვარი ჩაკეტოს და ეს აზრი ეფექტური იყოს, მაგრამ თუ ასი ათასი კაცი მივა, იქ უკვე საბერძნეთის მხრიდან პრევენციული ზომების მიღება ძალიან მძიმე იქნება, რომელიც შესაძლოა ძალიან მძიმე კონფლიქტებშიც გადაიზარდოს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საქართველო ლტოლვილთა ნაკადს არ უნდა ელოდოს, თუმცა ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.
„საქართველოს რაც შეეხება, საუბარი იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ლტოლვითა ნაკადი მოტრიალდება და ყველა საქართველოს მოაწყდება, რა თქმა უნდა არასერიოზულია,ეს სირიიდან ლტოლვილთა პირველი ნაკადების დროსაც არ მომხდარა.
„ამ შემთხვევაში, გასაგები მიზეზების გამო, მათი ინტერესი საქართველოს მიმართ ნაკლებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უნდა ემზადოს, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით ლტოლვილთა რაოდენობა სადღაც ხუთ მილიონამდეა და თუ იდლიბში სიტუაცია დაიძაბა, ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ რამდენიმე მილიონით გაიზარდოს.
„თურქეთის მხრიდან ეს ევროკავშირზე ზემოქმედების, იძულების ბერკეტია, ამ გზით ცდილობს, რომ, ასე ვთქვათ, დახმარება გამოსტყუოს. თავად თურქეთს საქართველოსთან ასეთი ქმედებები არაფერში სჭირდება.
„ლტოლვილების დიდ ნაკადს საქართველოსკენ არ ველი, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ხელისუფლება არ უნდა ემზადოს იმიტომ, რომ შესაძლოა უმართავი პროცესები მივიღოთ და ლტოლვილთა ნაკადები აქაც ვიხილოთ. რაც შესაძლოა ქვეყნისთვის უსაფრთხოებას, ეს შესაძლოა ძალიან მძიმე გამოწვევად იქცეს სოციალური და ჰუმანიტარული კატასტროფის თვალსაზრისით.
„აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იდლიბი ჯიჰადისტების და სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების თავშეყრის ადგილია და შესაბამისად, უკონტროლო პროცესებისას ლტოლვილებთან ერთად რამდენი ტერორისტი საით გადაადგილდება, ამისი ვარაუდი წინასწარ ძნელია.
„ასე რომ, მარტო ლტოლვილთა ნაკადზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენ უპირატესად სწორედ ტერორისტების შემოსვლის პრევენციაზე და მათ შორის იმ ტერორისტების, რომლებიც წარმოშობით კავკასიიდან არიან“, - განაცხადა ლაგაზიძემ.