
„საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მხოლოდ დროებით გადაიდო ცნობილი მოვლენების გამო. რაც შეეხება კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძის დანიშვნას, ამ საკითხზე მსჯელობა პირადად ჩემთან არ ყოფილა“ - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბების საკითხს.
„რეზონანსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრად შეიძლება ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე დაინიშნოს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
„კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხი თებერვალში უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მოვლენები ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ამაზე მსჯელობა აღარ ყოფილა. დღეს მთავარია, როგორმე ეს ბაცილა მშვიდობიანად გავისტუმროთ. სამთავრობო უწყებები ძირითადად ამ საკითხებზე არიან კონცენტრირებული.
„რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხი დღის წესრიგში რჩება, მხოლოდ გარკვეული დროით გადაიდო. რაც შეეხება კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძის დანიშვნას, ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ამის შესახებ არც ინფორმაციას ვფლობ და პირადად ჩემთანაც არავის არ განუხილავს,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.