
საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირების რაოდენობის მატებას ელიან. „რეზონანსთან“ საუბარში ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე აცხადებენ, რომ როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მოსალოდნელია დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 36 ადამიანს აკვირდებიან, ხოლო კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინიფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა და პირველ დაინფიცირებულთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა.
რა ღონისძიებების გატარებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მატება მოხდება? არის თუ არა მზად ამისთვის როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ასევე საზოგადოება? ან რა ბედი ელით საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ეტაპზე იტალიაში ან სხვა იმ ქვეყნებში იმყოფებიან, სადაც ვირუსი უკვე მასიურად გავრცელდა?
იტალიაში მყოფი ქართველების კრიტიკა და ბულინგი
ჟურნალისტი სალომე გოგოხია „რეზონანსთა“ ყვება, რომ ის ამ ჟამად იტალიაში ქალაქ ბარიში იმყოფება, სადაც ვირუსი გავრცელებული არ არის და არც პანიკა იგრძნობა. მისი თქმით, პანიკა საქართველოდან უფრო მოდის და ის იტალიაში მოგზაურობის გამო ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიური საინფორმაციო გამოშვებები გადაცემებს სწორედ კორონა ვირუსის შესახებ იწყებენ, ტურისტებს ადგილობრივები აქეთ ამშვიდებენ.
„რაც შეეხება საქართველოს, ზოგადად, ჩვენ ემოციური ერი ვართ, სულ ვეძებთ ნეგატიურს, ვცდილობთ ერთმანეთს ვაწყენინოთ, ჩავაშხამოთ სიხარული. და აჰა, კიდევ ერთი მიზეზი კორონას სახით მოგვეცა. ნებისმიერი გრიპი არის საშიში თუ არ გაუფრთხილდები. მაგრამ ის, რომ სრული ისტერიაა ქვეყანაში, ცოტათი მაშინებს.
„ისეთმა ადამიანებმა მომწერეს სოც ქსელში პირადად თუ საჯაროდ, როგორ თუ გავბედე და წავედიო, რომ მეცინება. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაში ისე შედიან, რომ ელემენტარულად არც ნიღაბი უკეთიათ, არც ბახილები აცვიათ და შეხება აქვთ იმ მედიკოსებთან, რომლებსაც თავის მხრივ კონტაქტი აქვთ ვირუსიან პაციენტებთან და თქვენც ნახავდით ერთ-ერთმა მედიკოსმა, რომელსაც ნიღაბიც კი არ ეკეთა, დაავადებული ირანელი პაციენტი ბოქსში შეაბრუნა და ამგვარი კონტაქტის შემდეგ ჩემი კოლეგები ბრუნდებიან რედაქციებში, არანაირი დეზინფექცია არ უტარდებათ და კონტაქტს აგრძელევენ სხვებთან, ეს ნაკლებად სარისკოა? ნუთუ ისინი რისკის მატარბელები არ არიან? თუმცა, მათთვის საყვედური არ უთქვამთ. სამაგიეროდ მე საქართველოდან იტალიაში გადმომწვდნენ. ალბათ იტალია უფრო საშიშად ჟღერს, ვიდრე ინფექციური ბოქსირებული განყოფილება სადაც ელემენტარული შეზეუდვაც კი არ მოქმედებს.
„როცა დავბრუნებდი, აუცილებლად დავიცამ ყველა პროცედურას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ სხვებმაც და მეც თავი მშვიდად ვიგრძნოთ, მაგრამ ისტერიკა, რამაც საქართველო მოიცვა, კორონაზე უფრო საშიშია“, - ამბობს ჟურნალისტი „რეზონანსთან“.
რა ხდება კარანტინში
კარანტინში მოთავსებული ადამიანები კი მედიასთან საუბრისას იქ არსებულ პირობებზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ქვეყანა ამ პრობლემას მომზადებული ვერ შეხვდა. მათივე ინფორმაციით, კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით არსებულ სასტუმროში, სადაც მათი მოთავსება მოხდა, უმძიმესი პირობებია. არ არის გათბობა და საკვები.
ისინი ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და სასტუმროში განთავსებულებს მედიკოსები ჯერ არ უნახავთ. მათ ეუბნებიან, რომ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზეა შესაძლებელი და რეკომენდაციებს ელიან, როგორ იმოქმედონ.
მათ გარეთ გასვლა ეკრძალებათ. ასევე მხოლოდ პოლიციასთან კონტაქტობენ, რომლებიც ეუბნებიან, რომ პრესცენტრს მიმართონ და მათ არაფერი იციან.
ნიკა კვიტატიანი, რომლის დაც ამ სასტუმროშია მოთავსებული, „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საკვების და გათბობის პრობლემებია. არ არის სისუფთავე და სათანადო ყურადღება. მისი დისთვის ანალიზები ჯერ არ აუღიათ. სასტუმროში გადაყვანის შემდეგ მას სიცხემ კიდევ უფრო აუწია. მათ მიკროავტობუსში ჯერ მხოლოდ ერთი საათი გაატარეს. სანამ ხმაური არ ატეხეს ყურადღება არავინ მიაქციათ. უცნობია მათ იქ რამდენი ხანი ყოფნა მოუწევთ.
ხელისუფლება კი მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, საავადმყოფოების გათავისუფლებას იწყებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო ზონად მოწყობა დაიწყო. კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძე აცხადებს, რომ საავადმყოფო სხვა პაციენტებისგან სრულად დაიცლება, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.
გოფოძის თქმით, პალატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით მოეწყობა და იქ გადაიყვანენ მხოლოდ იმ პირებს, ვინც კორონავირუსის რისკ-ჯგუფებში შედიან, რათა „გამავრცელებლების“ შეზღუდვა მოხდეს. დირექტორი ამბობს, რომ პაციენტების მისაღებად უახლოეს მომავალში იქნებიან მზად
პრევენციული ღონისძიებები
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში და სკოლებში 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდა - 2-დან 16 მარტამდე სწავლას შეწყვეტენ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და თბილისის მერია კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, თბილისის მერიის დავალებით, ვირუსთან დაკავშირებით, დამატებით უსაფრთხოების ზომებს გაატარებს.
„მატება იქნება და პანიკას არ უნდა ავყვეთ“
დააავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა უწევს, ამიტომაც რთულია, რომ ასე სწრაფად ყველაფერი გამართული იყოს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ვირუსით დაინფიცირების რიცხვის მატებას ელიან, ამიტომაც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მზად იყვნენ და პანიკას არ აჰყვნენ.
„სამწუხაროდ, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მთელს მსოფლიოში ჩინეთის გარეთ იზრდება. ერთადერთი ჩინეთში იკლებს, რადგანაც მათ კარანტინი გამოაცხადეს, თუმცა დღეში 300 ახალი შემთხვევა მაინც აქვთ.
„56 ქვეყანაში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, ყველგან იზრდება. ამიტომაც საქართველო გამონაკლისი არ იქნება. იტალიაში, კორეაში, ირანში - ყველგან მატებაა.
„ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და ველოდებით, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. აქამდე ვირუსის შემოსვლა გარკვეული დროის განმავლობაში, თითქმის 2 თვის მანძილზე შევაკავეთ. სამწუხაროდ, უკვე 3 ფაქტი დადასტურდა და მატება იქნება. ამიტომაც, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ პანიკას არ აყვნენ და მზად დავხვდეთ. როგორც საჭიროა, ყველა მხრივ მოვუვლით“, -აცახდებს გამყრელიძე „რეზონანსთან“.
ჩვენს კითხვაზე რამდენად მზად არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, რომ იმფიცირებულთა რიცხვის მატებასთან ერთად მას გაუმკლავდნენ და რა პასუხი აქვს იმ პრობლემებზე, რომელიც საკარანტინოდ განთავსებული მოქალაქეებისგან ისმის, გამყრელიძე გვპასუხობს, რომ დღეს ქვეყანა გაცილებით უფრო მზად, არის ვიდრე ეს 15 ან 20 წლის წინ იყო. მისივე თქმით, იტალიის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისთვის, რომ ვნახოთ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა რა რთულია.
„ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კი, ბატონო, იყოს კრიტიკა, მაგრამ ეს ნიშნის მოგებას არ უნდა ემსახურებოდეს. რა თქმა უნდა, ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ მოვუხდი კარანტინში მყოფ ადამიანებს, რადგანაც განსაკუთრებით საუკეთესო პირობები არ დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ საკითხებზე სერიოზულად მუშაობს და მის მოგვარებას ცდილობს.
„როგორც ვიცი, ძირითადი საუბარი „დიამედის“ კლინიკაზე და სასტუმროზე იყო. დანარჩენი ყველა, როგორც ვიცი, ნორმალურია. პირდაპირ ამ კარანტინის მენეჯმენტში ჩართული არ ვარ, მაგრამ მეთოდურ რეკომენდაციებს ჩვენი ცენტრი ამზადებს. გარდა ამისა მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე საავადმყოფოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის საჭიროება შეიქმნა, რადგანაც ინფექციური საავადმყოფო გადაიტვირთა. 29 თებერვლის მონაცემებით 36 ადამიანი იწვა და ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
„მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში მიმდინარეობს. ვიყავით მომზადებული, მაგრამ არ ეყო და ბევრია ე.წ. შესაძლო შემთხვევები. ახლა ბათუმის და ქუთაისის ჩვენი განყოფილების თანამშრომლებს ვატრენინგებთ, რომ დაგვჭირდეს კვლევები იქვე ადგილზევე გავაკეთოთ და გზაში დრო აღარ დავკარგოთ“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება ქვეყანაში პანიკას და საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს, გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი მაინც იტალიიდან არსებობს. იქიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან და ჩაკეტვას ვერ შეძლებენ. ასევე არსებობდა საფრთხე, რომ საქართველოში ვირუსის შემოსვლა ირანიდანაც მოხდებოდა, რაც რელურად დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ქვეყნიდან საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელია.
„ჩრდილოეთ იტალიიდან ვინც შემოვა ჩვენი მოქალაქეები და არანაირი სიმტომები არ დაუდგინდათ, მაინც მოვუწოდებთ, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ - სამსახურში არ წავიდნენ, იზოლირებულები იყვნენ საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც.
„ახლა განსაკუთრებულ საფრთხეს იტალია წარმოადგენს. ირანიდან, ჩინეთიდან აღარ გვყავს იმდენი შემომსვლელი. კორეიდან ისდეცა ნაკლები შემოდიოდნენ. იტალიიდან ძირითადად ჩვენი მოქალაქეები მოდიან. ამიტომაც მოვუწოდებ თვითიზოლაციისკენ და თუ სიმპტომები დაუდგინდათ, მაშინ კლინიკებს მიმართონ“, - აცხადებს გამყრელიძე „რეზონანსთან“.
საქართველოში კარანტინი 1970 წლის შემდეგ არ გამოცხადებულა
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელია. მისი თქმით, მთელს მსოფლიოში არის დაავადებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი და გამონაკლისი არც საქართველო იქნება. იმნაძე ამბობს, რომ ისეთ ქვეყნებში მოხდა ვირუსის ადგილობრივი გავრცელება, რომ ჯანდაცვის და ეკონომიკური კუთხით ჩვენზე მძლავრი ქვეყნებია. ამიტომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება რთული იქნება.
„ჩვენი სტარტეგია ახლა ის არის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ და ვირუსის ადგილობრივი გავრცელება არ მოხდეს. რაც შეეხება კარანტინს და იქ მყოფი ადამიანების უკმაყოფილებას, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში კარანტინი 1970 წლის შემდეგ არ გამოცხადებულა. მაშინ იყო კომუნისტური წყობა და ყველაფერი სახლმწიფოსი იყო. ამიტომაც ასეთი კარანტინის მოწყობა მარტივი იყო. დღეს, როცა სახელმწიფოს მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო აქვს საკუთრებაში, არ არის მარტივი და ადვილი, რომ კარანტინის პირობები ასე სწრაფად მოგვარდეს. სხვა ჩვენზე უფრო მძლავრი და ძლიერი ქვეყნები სამხედრო ყაზარმებში და კარვებში აკეთებენ კარანტინს.
„მესმის, რომ პირველ დღეს პრობლემებია, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. ასეთი ადვილი არ არის და უკმაყოფილებაც მესმის. გავითვალსიწინოთ ისიც, რომ ის ადამიანები, ვინც კარანტინში არიან, ყველაზე დიდ პრობლემას საკუთარი ოჯახის წევრებისთვის წარმოადგენენ“, - აცხადებს პაატა იმნაძე „რეზონანსთან“.
იგი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ პანიკას არ აყვნენ, რადგანაც ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. ის ამბობს, რომ კარანტინის დრო 14 დღეა და ამ დროის გასვლამდე ყველა საეჭვო პაციენტი უნდა გადამოწმდეს. თუ ორი ან სამი დღის განმავლობაში არ დაუდასტურდა ვირუსი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯამრთელია. ადამიანს შესაძლოა სწორედ 14 დღის თავზე აღმოაჩნდეს, რომ ის დაინფიცირებულია. ამიტომაც კარანტინში მყოფ ადამაინებს მოუწოდებს, რომ სიმშვიდე და მოთმინება იქონიონ.