რეზონანსი
01.03.2020

ფსიქოლოგი, პედაგოგი და სპიკერი ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეკლესია მორწმუნე ადამიანთა მიამიტობაზე, სიბრიყვესა და გაუნათლებლობაზე კაპიტალიზირებდა.

მისივე თქმით, რელიგია ისეთ მიამიტურ წარმოდგენებს უქმნის სამყაროზე მრევლს, რომ სიფრთხილის ელემენტარულ ნორმებსაც ავიწყებს.

ამასთან ცვატა წერს, რომ სხვადასხვა ვირუსების აფეთქებები თუ შიდსის გავრცელება მნიშვნელოვანწილად რელიგიების კისერზეცაა.

„ეკლესია (და, ზოგადად, რელიგია) ყოველთვის კაპიტალიზირებდა მორწმუნე ადამიანთა მიამიტობაზე, სიბრიყვესა და გაუნათლებლობაზე.

ეკლესია თავის მრევლს, ერთის მხრივ, კვებავს წარმოუდგენლად ირაციონალური შიშებით, მეორეს მხრივ კი ისეთ მიამიტურ წარმოდგენებს უქმნის სამყაროზე, რომ სიფრთხილის ელემენტარულ ნორმებსაც ავიწყებს, რისი მაგალითებიც თუნდაც უახლოეს ისტორიაში უამრავია - სხვადასხვა ვირუსების აფეთქებები თუ შიდსის გავრცელება მნიშვნელოვანწილად რელიგიების კისერზეცაა, რადგან ხან ვაქცინები გამოაცხადეს სატანისეულად და ხანაც კონტრაცეფცია - ეშმაკის საქმედ. დღემდე ასე გრძელდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც არ ჩამორჩება ამ მსოფლიო ფერხულს და მეტიც - ერთ-ერთ მოწინავე, "საპატიო" ადგილს იკავებს თავის მრევლში წარმოუდგენელი სიბნელის, ტყუილების და მითების გავრცელებაში, უხეშად ერევიან მეცნიერების, მედიცინის კომპეტენციაში და დავიწყებიათ, რომ "არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი"(მათე, 4:7; ლუკა 4:12).

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთიც - როცა კი რომელიმე სასულიერო პირზე მიფიქრია, რომ აჰა, გამოჩნდა წყვდიადში სინათლის სხივი, ყოველთვის გამცრუებია იმედები სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციაში, რადგან ჩვეულებრივი კონფორმისტები აღმოჩენილან გაბატონებულ ბნელ აზრთან მიმართებით. ლამისაა ვირწმუნო, რომ "პროგრესული მღვდელი" ოქსიმორონია.

მიეცით ღმერთს ღმრთისა და მეცნიერებას მეცნიერებისა და ამ ორს ნუ ურევთ ერთმანეთში", - წერს ცვატა ბერძენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×