
საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი ძვირდება. საქართველოში ფქვილისა და, შესაბამისად, პურპროდუქტების გაძვირების წინაპირობა არ არის, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ფონი ფასზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. მაღაზიების ნაწილში რამდენიმე დასახელების პურპროდუქტის ფასმა უკვე მოიმატა.
ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 5,25 დოლარია. ბოლო პერიოდის პიკი იყო იანვრის ბოლოს, როცა ეს მაჩვენებელი 5,82 დოლარს შეადგენდა. ხორბლის ფასის მარალი ნიშნული კარგა ხნის განმავლობაში იყო შენარჩუნებული. ფასმა კლება 19 თებერვლიდან დაიწყო და დაბლა ჩამოვიდა. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პროდუქტი მაინც საკმაოდ ძვირი ღირს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხორბალი შარშან ამ დროს 4,30 დოლარი ღირდა.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე პურის გაძვირების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მართალია, უცხოურ ბაზარზე ფასი გაზრდილია, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე ბალანსდება გამყარებული კურსით, რის გამოც ფქვილის გაძვირება არ მომხდარა.
,,იმპორტირებული ხორბლის ფასი ცოტათი მაღლაა წასული, მაგრამ იმავე მაჩვენებლით მას აბალანსებს გამყარებული კურსი. წისქვილკომბინატები ამით ფასს ინარჩუნებენ. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოებაში კორონავირუსთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შეიმჩნევა და ამით ადამაინების გარკვეული ჯგუფი ბოროტად სარგებლობს”, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” სილაგავამ და დასძინა, რომ ხორბლის გადაზიდვის მხრივ მსოფლიოში არანაირი დაბრკოლება არ არის და რომც გაჩნდეს, ქართულ ბაზარს პრობლემას ვერ შეუქმნის.
,,საშიში ვირუსის გავრცელების გამო საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირანიდან და იტალიიდან სახმელეთო გადაზიდვა აეკრძალა. რუსეთში ჯერჯერობით არ არის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ხორბლის იმპორტი არ შეწყდება, მაგრამ სამანქანო გზაზეც თუ იგივე მოხდა, მაშინ რკინიგზა და პორტები იმუშავებენ. აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ.
ამ ეტაპზე სტაბილურობაა. შეიძლება ითქვას, ცვლილებას პურის ფასში არ ველოდებით. მით უმეტეს, რომ ლარის კურსი ამ წუთას საკმაოდ კომფორტულია. აპრილის დასაწყისში ახალი ტენდენცია გამოიკვეთება, ანუ გვეცოდინება როგორ გადაიტანეს ზამთარი რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და სხვა მწარმოებელ ქვეყნებში. შესაბამისად, ფასთან დაკავშირებით პროგნოზიც გაკეთდება”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სილაგავამ.
თუმცა, წისქვილკომბინატებში მღელვარება მაინც იგრძნობა. წისქვილკომბინატ ,,ბარაქას" დირექტორმა ლადო ბიძინაშვილმა ,,კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით წისქვილკომბინატები ზარალზე მუშაობენ. ისინი მარაგის ხარჯზე ცდილობენ გაძვირება მინიმუმამდე მიიყვანონ, თუმცა ხორბლის ფასი მზარდია და სამომავლოდ შესაძლოა, ფქვილი ისევ გაძვირდეს.
„საერთაშორისო ბაზარზე ცვლილების გათვალისწინებით წისქვილკომბინატებს მოგვიწია ფქვილი გაგვეძვირებინა, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან მიზერული იყო. ამ პერიოდში საქართველოში ფქვილის ფასი გაიზარდა 2-3 ლარით, რაც 1 ტონაზე რომ გადავიანგარიშოთ 40-60 ლარია. ჯერჯერობით არსებული მარაგების ხარჯზე შევძელით ფასის გაძვირება მინიმუმადე დაგვეყვანა, მაგრამ ხორბლის ფასი არსებული მონაცემებით მზარდია და თუ ასე გაგრძელდა, მოსალოდნელია ფქვილის კიდევ გაძვირდეს. ჩვენც, როგორც ყველა ბიზნესოპერატორი, წარმოვადგენთ კომერციულ ორგანიზაციას და დამოკიდებულები ვართ ნედლეულის ფასზე“, - აღნიშნა ბიძინაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოცემული დარგის სწორი ანალიზი და სისტემური მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს წისქვილკომბინატებზე, რომ ბაზრებზე მოსავლის პერიოდში საქართველოში იაფფასიანი ხორბლის მაქსიმალურად დიდი მარაგი შეიქმნას.
პურის მრეწველთა კავშირში ამბობენ, რომ ფასთან დაკავშირებით მომხმარებელში ხელოვნური პანიკაა შექმნილი. მალხაზ დოლიძის მტკიცებით, საქართველოში ფქვილის რამდენიმეთვიანი მარაგია და პურზე ფასი არ გაიზრდება. ცვლილება ხორბლის მსოფლიო მოსავალზეა დამოკიდებული. ხორბლის ფასი კი გაზაფხულის მიწურულს ჩიკაგოს მსოფლიო ბირჟაზე დადგინდება.
,,პურის გაძვირების საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცა მოსახლეობაში აჟიოტაჟია და ეს ფაქტორი ფასზე მოქმედებს. შეიძლება, არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ ამით ისარგებლოს, მაგრამ ცვლილება, როგორც ასეთი, მოსალოდნელი არ არის. მაისიდან გავიგებთ გაიზრდება თუ არა ფასი ხორბალზე, შესაბამისად, ფქვილზე და პურზე. ამ დროს უკვე პირველი მოსავლის ელემენტები გაჩნდება და გარკვეული იქნება მოლოდინი მსოფლიო მოსავლისა. სწორედ ამის მიხედვით ხდება ფასის პროგნოზირება. აქ დიდია რუსეთისა და ამერიკის ფაქტორი, მცირეა ჩინეთის ფაქტორი. ამიტომ იქ არსებული ვითარება ნაკლებად მოახდენს გავლენას ხორბლის მოსავალსა და ფასზე", - აღნიშნა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ.
ბიზნესი ირწმუნება, რომ პურის გაძვირება და მასთან დაკავშირებით შიში უსაფუძვლოა, თუმცა ბაზარზე რამდენიმე შემთხვევაა, როცა მაღაზიებში პურპროდუქტები გააძვირეს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში პური 10 თეთრით გაძვირდა, რომელსაც 5-თეთრიანი მატება უძღოდა წინ სამტრედიასა და ტყიბულშიც. რეგიონის საცხობებმა მიზეზად ფქვილის გაძვირება დაასახელეს, რასაც იმპორტიორები კატეგორიულად უარყოფენ.