
რუსეთის მიერ ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში" ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთები დაიწყო, რომელშიც ჩართულია 1,8 ათასი სამხედრო და 300-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა. ეს იმის ფონზე, როდესაც ევროპაში ნატო-ს მასშტაბური წვრთები მიმდინარეობს, სადაც 17 ქვეყანასთან ერთად, მონაწილეობას საქართველოც იღებს. პრაქტიკულად, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპის კონტინენტზე ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური გადასროლა მოხდება.
წვრთნებში ძირითადად რუსეთის 58-ე არმიის ნაწილებია ჩართული და ის ჩეჩნეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ერთდროულად დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, დღეს დილით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შესაბამის სამხედრო ნაწილებში საბრძოლო განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც შესაბამისმა კონტინგენტმა მარშით გაიარა მარშრუტი წვრთნების ადგილებამდე.
რუსული მედია წვრთნების კონკრეტულ ლოკაციებსაც ასახელებს - ტარსკის, გვარდეეცის, ალპიისკის და ძარწემის პოლიგონები.
წვრთნების დროს ტაქტიკური ჯგუფები ერთმანეთის წინააღმდეგ იმოქმედებენ და რიგრიგობით იქნებიან თავდასხმისა და თავდაცვის რეჟიმში. მანევრებში ასევე ჩართული იქნება რუსეთის მე-4 არმიის ვერტმფრენები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
წვრთნების მთავარი მიზანია მთიან რაიონებში სატანკო, საარტილერიო და მოტორიზებული შენაერთების მოქმედების კოორდინირება. ამის შესახებ რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაწყებულ წვრთნებს სირიაში მიმდინარე ვითარებას უკავშირებს. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, რუსეთი „ალტერნატიულ გზას" ეძებს.
„როგორც ვიცი, ეს გეგმიური წვრთნებია, მაგრამ უფრო მასშტაბური წვრთნების ჩატარების წინაპირობაა, რის გამართვასაც რუსეთი გაზაფხულზე აპირებს, სახელწოდებით „კავკაზ 2020", რომელიც ბევრად უფრო მასტაბური იქნება, პრაქტიკულად არმიის დონეზე.
„რუსეთი ყოველთვის ატარებს მასშტაბურ წვრთნებს, დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. შეიძლება სწორედ ეს წვრთნები იყოს ევროპაში ნატო-ს მიერ დაგეგმილი წვრთნების საპირწონე, რაც მხოლოდ ნაწილი იქნება. ოკუპირებულ რეგიონში ეს უფრო ტაქტიკური, გეგმიური წვრთნებია.
„არ არის გამორიცხული სირიის ფაქტორსაც უკავშირებოდეს, რადგან 5 მარტს სოჭში უნდა გაიმართოს პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა და ამის შემდეგ გაირკვევა, სირიაში როგორ განვითარდება მოვლენები.
„სირიის მოვლენებში რუსული მხარე პირდაპირ არის ჩართული. თუ ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, თურქეთმა შეიძლება გარკვეული ზომები მიიღოს - რუსული სამხედრო გემებისათვის გადაკეტოს შავი ზღვის სრუტეები. ამის გამო რუსეთს მოუწევს ალტერნატიული სამხედრო ტრანზიტის განხორციელება სირიაში სამხედრო კონტიგენტის მომარაგებისა და მათი ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
„ამჯერად ისინი იყენებენ ორ სატრანზიტო გზას - კასპიის ზღვასა და შავი ზღვის კორიდორს, დამატებით თურქეთის საჰაერო სივრცეს. თურქეთმა თუ გადაუკეტა ეს გზები, მაღალი ალბათობით რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს გამოიყენებს, რომ გააძლიეროს ეს ტრანზიტი," - თქვა „რეზონანსთან" მაისაიამ.