
„ილუზია გაცილებით მეტია ვიდრე გამარჯვების შანსი" - ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დიდუბეში იყრის კენჭს.
მარგველაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა" ავრცელებს. მათი ცნობით, მარგველაშვილი უკვე შეხვდა „ევროპული საქართველოს" ლიდერებს, ასევე ნინო ბურჯანაძესა და გიორგი ვაშაძეს.
„შევხვდი ოპოზიციურ პარტიებს და გრძელდება ეს კონსულტაციები. ჩამოვყალიბდები იმის მიხედვით, რაც სჭირდება ერთ მიზანს, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა. მაჟორიტარობის შესახებ იდეა არსებობს და რაც შეეხება რაიონს, ვერაფერს ვიტყვი, არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კობალაძე მარგველაშვილის გადაწყვეტილებას პესიმისტურად უყურებს და მიიჩნევს, რომ მას გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს.
„გადაწყვეტილება მისია, შედეგები კი არჩევნებზე გამოჩნდება. რომ გითხრათ, რომ მის ამ გადაწყვეტილება ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ... ვერ ვუყურებ ოპტიმისტურად. რეალობას თვითონ დაინახავს. ილუზია გაცილებით მეტია, ვიდრე გამარჯვების შანსი.
„მე მახსოვს ის წინასაარჩევნო პერიოდიც და ის კამპანიაც, როდესაც ის კენჭს პრეზიდენტად იყრიდა და იმის შემდეგ არ მგონია, რომ რამე ძალიან შეიცვალა. რეალობას თვითონ დაინახავს", - განაცხადა კობალაძემ.