თამარ შუკვანი
03.03.2020

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია 2 მარტს მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და დიდი ალბათობით „არჩევნებში" მონაწილეობას ვერ მიიღებს, აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს მაინც გაიმართოს.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. „არჩევნებში" მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი, „ვიცე-პრემიერი" ადგურ არძინბა და ე.წ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაპშბა.

ჯერ კიდევ უცნობია ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია შეძლებს თუ ვერა მონაწილეობის მიღებას. აფხაზური მედიის ცნობით, ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა. მასთან დაახლოებული პირი რენატ ქარჩავა ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ადეკვატურად რეაგირებს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „არჩევნების" წინ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი - ასლან ბჟანია ჰოსპიტალიზებულია. გასული წლის მაისში იგი გაერთიანებული ოპოზიციის „პრეზიდენტობის კანდიდატად" უნდა დაესახელებინათ, თუმცა ბჟანია მოწამვლის ნიშნებით ჯერ მოსკოვის საავადმყოფოში, შემდეგ კი გერმანიაში აღმოჩნდა.

საბოლოოდ, მან აგვისტოში გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობა ვერ შეძლო, თუმცა ოპოზიციამ არ სცნო „არჩევნების" შედეგები და საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობის ფონზე ე.წ. პრეიზდენტ რაულ ხაჯიმბას გადაყენებას მიაღწია.

ამის შემდგე დაინიშნა ხელახალი „საპრეზიდენტო არჩევნები", რომელიც 22 მარტს უნდა გაიმართოს. თუმცა, ბჟანიას ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ახალი მღელვარება მოჰყვა.

„პრეზიდენტობის" სხვა კანდიდატებმა სოლიდარობის ნიშნად საარჩევნო კამპანია შეწყვიტეს. 3 მარტს დე ფაქტო პარლამენტი შეიკრიბება და სპეციალური კომიიის შექმნას გეგმავს. ბჟანიას მხარდამჭერები კი ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს და მის სრულ გამოჯანმრთელებამდე „არჩევნების" გადადებას ითხოვენ.

გარდა ამისა, როგორც აფხაზური მედია წერს, მომიტინგეები ითხოვენ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულების ვალერი ბგანბგას გადადგომას და მასთან ერთად რიგი დე ფაქტო მინისტრების, მათ შორის ძალოვანი ბლოკის, ასევე დე ფაქტო რაიონული ხელმძღვანელების და ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთაურების გადაყენებას. მათივე განცხადებით „ქვეყნის ხელისუფლება ხელს უშლის სამართლიანი საარჩევნო კამპანიის გამართვას".

პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში ვითარების კიდევ უფრო მეტად დაძაბვას არ გამორიცხავს:

„ინფორმაცია დაზუსტებული არაა, მაგრამ, როგორც ჩანს, (ბჟანია) მოწამლეს. არსებობს მოსაზრება თითქოს ძველი მოწამლვის რეციდივი მოხდა, თუმცა, ელოდებიან დადასტურებას. თუ რა მოხდა სინამდვილეში - ეს მეორე მოწამვლაა, თუ რეციდივია.

„ბჟანიას მომხრეების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მოწამლულია და არ ელოდებიან პასუხს, შეიჭრნენ ე.წ. ადმინისტრაციულ შენობაში, რომ მოახდინონ ძალადობრივი ზემოქმედება დღეს არსებულ დე ფაქტო ხელისუფლებაზე.

„ისინი ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ბგანბას გადაყენებას ითხოვენ. საკმაოდ ცხელი ვითარებაა და ყოველ წუთს იცვლება მდგომარეობა. საღამოს გაირკვევა - დადასტურდება მოწამვლა, რაც ვითარებას უფრო მეტად დაძაბავს, თუ დადასტურდება რეციდივი, რაც ბევრისთვის შეიძლება დამაკმაყოფილებელი არ იყოს.

„თუ ბჟანიას გუნდი, მაგალითად ანქვაბისა და ლაკერბაიას ხელმძღვანელობით, დარწმუნდებიან, რომ ეს არის რეციდივი, ეცდებიან ვითარება დაამშვიდონ.

„სხვა საკითხია, მოწამლულია თუ რეციდივია, ბჟანია რამდენად ქმედითუნარიანი იქნება არჩევნებში მონაწილეობისათვის, რაც პრინციპულად გადამწვეტია. თუკი (ბჟანია) გარდაიცვალა, ეს უფრო მეტად დაძაბავს ვითარებას. აშკარად დაძაბულობისკენ მიდი პროცესები," - უთხრა „რეზონანსს" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×