
„ორი თვეა, რაც მეცნიერება ამ ვირუსს სწავლობს. ამიტომ მისი ქცევა ჯერჯერობით კარგად არაა ცნობილი. თუმცა, პროგნოზების უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ ტეპერატურის მომატებასთან ერთად მისმა ვირულენტობამ (გავრცელების უნარი) უნდა დაიკლოს", - ამის შესახებ „რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძისვე თქმით, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვები მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა მის ფარგლებს გარეთ მატება შეინიშნება.
„ზოგადად, რესპირაციული ვირუსებით გამოწვეული დაავადებები ტემპერატურის მატებასთან ერთად იკლებს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ამ სახის დაავადებებს სეზონური მიმდინარეობა აქვს, მაგრამ ამ ვირუსის შესახებ ჯერ ბევრი არაა ცნობილი. ორი თვეა, რაც მეცნიერება ამ ვირუსს სწავლობს, ამიტომ მისი ქცევა ჯერჯერობით კარგად არაა ცნობილი. თუმცა, პროგნოზების უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ ტეპერატურის მომატებასთან ერთად მისმა ვირულენტობამ უნდა დაიკლოს.
„როგორც ხედავთ, ჩინეთში კორონავირუსის პიკი უკვე იყო და ახლა სერიოზული კლებაა, ჩინეთს გარეთ ყველა ქვეყანაში მატება მიმდინარეობს, განსაკუთრებული მატებაა სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიაში და ასევე ევროპის უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჯერ ჩინეთს გარეთ ვირუსის ზრდაა.
„საქართველოში ჩვენ ჯერ სამი შემთხვევა გვაქვს. კლებაზე ან მატებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით", - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა „რეზონანსთან" კორონავირუსთან დაკავშირებულ ბოლო ცნობებზეც ისაუბრა.
„მთელს მსოფლიოში 92 ათასი დადასტურებული შემთხვევაა, აქედან დაახლოებით 80 ათასი ჩინეთშია, ხოლო 12 ათასი - ჩინეთს გარეთ. ჩინეთს გარეთ ყველაზე მაღალდასენიანებული სამხრეთ კორეაა, სადაც კორონავირუსის შემთხვევა 5 ათასზე მეტია, შემდეგ ირანი 2 ათასზე მეტი შემთხვევით მოსდევს, ასევე იტალია.
„საფრანგეთში, გერმანიაში და იაპონიაში რამოდენიმე ასეული შემთხვევებია დაფიქსირებული. რაც შეეხება საქართველოს, ამ ერთი თვის განმავლობაში კვლევაში, თუ არ ვცდები, 214 შემთხვევა გვქონდა, საიდანაც 3 გვაქვს დადებითი, 150-მდე ადამიანი დღეს კარანტინშია. 29 - ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ქუთაისის ინფეციურში, თუ არ ვცდები -6, თვითიზოლაციაში კი სადღაც სამასამდე ადამიანი იმყოფება", - განაცხადა გამყრელიძემ.