თამარ შუკვანი
04.03.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აღნიშნავს, რომ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაყენების გამო რუსეთი შეურაცხყოფილია და აფხაზებზე კრემლი აუცილებლად იძიებს შურს, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამორიცხავს, რადგან ფიქრობს, რომ ამაში „შიდა მაფიოზური და კრიმინალური სტრუქტურების" ხელი ურევია.

„რუსეთი არ არის იმპულსური და რეფლექსური სახელმწიფო, რომ ემოციებს აჰყვეს. ძალიან პრაგმატულია და მისთვის გეოსტრატეგიული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვინ გადააყენეს და რა ფორმით. შურისძიება სასაცილოა, როდესაც რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებზე და აფხაზეთის კონტროლზეა საუბარი. რუსეთმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი მმართველი აფხაზეთში არა ანტირუსული, არამედ პრორუსული იქნება. ამიტომ, ეჭვი მეპარება, რომ შეიძლება შურისძიებაზე იყოს ლაპარაკი.

„აქ საუბარია შიდა პოლიტიკურ კონტექსტზე. როდესაც ანქვაბი იყო პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ ოთხჯერ განხორციელდა ტერაქტი და არცერთ შემთხვევაში არავის უფიქრია გარეთ ვინმესთვის დაებრალებინათ. შიდა მაფიოზური, კრიმინალური და კორუფციული სტრუქტურები ებრძოდნენ ანქვაბს. ბჟანია არის ანქვაბის გუნდის წარმომადგენელი და ის ისევე აპირებს ებრძოლოს კოფუქციას და კრიმინალს, როგორც ანქვაბი.

„თუ ვინმეს შეიძლება განერხორციელებინა მის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიება, ეს ისევ და ისევ ვერსიაა. ჯერ არ დადასტურებულა, შეიძლება იყოს წინა მოწამვლის რეციდივი. თუ მაინც დადასტურდა, რომ ეს არის მოწამვლა, მაშინ უნდა ვეძებოთ შიგნით. შესაძლოა იმ ხალხის მხრიდან იყოს ჩადენილი, ვისაც არ უნდა ბჟანია მოვიდეს, როგორც კორუფციასთან და კრიმინალთან მებრძოლი ადამიანი.

„ელოდებიან ბჟანიას გამოჯანმრთელებას. თუ არ გამოჯანმრთელდა ერთი კვირის განმავლობაში მაინც, მგონია, რომ ვითარება დაიძაბება და დადგეს საკითხი არჩევნების გადადებაზე," - უთხრა „რეზონანსს" ზაქარეიშვილმა.

ჯემალ გამახარიას თქმით, რუსეთი შეურაცხყოფილია იმით, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ხაჯიმბა გადააყენეს. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლას, გამახარიამ აღნიშნა, რომ ექიმების ოფიციალური დასკვნით, ბჟანიას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აქვს. „რია ნოვოსტი" კი წერს, რომ ის გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლეს.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ასლან ბჟანიას მხარდამჭერი აქციები იმართება. ბჟანია ორი დღის წინ მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არჩევნები, რომელშიც მან უნდა მიიღოს მონაწილეობა, 22 მარტსაა დანიშნული.

ჯერ კიდევ უცნობია ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია შეძლებს თუ არა მონაწილეობის მიღებას არჩევნებში. აფხაზური მედიის ცნობით, ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა. მასთან დაახლოებული პირი რენატ ქარჩავა ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ადეკვატურად რეაგირებს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „არჩევნების" წინ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი - ასლან ბჟანია ჰოსპიტალიზებულია. გასული წლის მაისში იგი გაერთიანებული ოპოზიციის „პრეზიდენტობის კანდიდატად" უნდა დაესახელებინათ, თუმცა ბჟანია მოწამვლის ნიშნებით ჯერ მოსკოვის საავადმყოფოში, შემდეგ კი გერმანიაში აღმოჩნდა.

საბოლოოდ, მან აგვისტოში გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობა ვერ შეძლო, თუმცა ოპოზიციამ არ სცნო „არჩევნების" შედეგები და საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობის ფონზე ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაყენებას მიაღწია.

ამის შემდეგ დაინიშნა ხელახალი „საპრეზიდენტო არჩევნები", რომელიც 22 მარტს უნდა გაიმართოს. თუმცა, ბჟანიას ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ახალი მღელვარება მოჰყვა.

„პრეზიდენტობის" სხვა კანდიდატებმა სოლიდარობის ნიშნად საარჩევნო კამპანია შეწყვიტეს. 3 მარტს დე ფაქტო პარლამენტი შეიკრიბება და სპეციალური კომიიის შექმნას გეგმავს. ბჟანიას მხარდამჭერები კი ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს და მის სრულ გამოჯანმრთელებამდე „არჩევნების" გადადებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×