
თუ სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად წარიმართა პროცესი, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს, აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.
ზოიძემ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით პრესკონფენეციაზე თქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე შეფასებით, გარდა ჯანდაცვის სფეროს დაწესებულებებისა, კორონავირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევის გამოვლენამდე სხვა უწყებებიც უნდა ყოფილიყვნენ ვირუსზე რეაგირების პროცესში ჩართულნი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოში 24 პაციენტი იმყოფება, კორონავირუსით დაინფიცირებული 3 პირის მდგომარეობა სტაბილურია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მოსალოდნელია, კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სამედიცინო დამცავი აღჭურვილობების დეფიციტის შექმნა და ფასების ზრდა. „როიტერზის" ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია კომპანიებსა და ქვეყნების ხელისუფლებებს შესაბამისი პროდუქციის წარმოების 40 %-ით გაზრდისკენ მოუწოდებს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი ამბობს, კორონავირუსი უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი, თუმცა მისი გავრცელება უფრო დაბალია.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა 93 158, გამოჯანმრთელებულთა კი - 50 949-ს შეადგენს.
ვირუსის გავრცელების ტემპმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 20 იანვრის შემდეგ.
ამასთან, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში საგრძნობლად იმატა და ირანის მონაცემებს გადააჭარბა. იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი დღის მანძილზე 27 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ჩინეთს გარეთ ფატალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 502-ს შეადგენს. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ საავადმყოფოებში ადგილების და ექიმების დეფიციტია. ირანის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 77-ს აღწევს.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ვირუსის მესამე შემთხვევა 29 თებერვალს დადასტურდა და მას შემდეგ რაოდენობა არ გაზრდილა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახალი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს.