„სამედიცინო დასკვნა მე არ მაქვს ასლან ბჟანიას მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ იმ ვითარებამ და პროცესებმა, რაც აფხაზეთში ხდება, სერიოზულად შეარყია რუსეთის ავტორიტეტი, როდესაც მან ვერ გაიტანა თავისი და საკმაოდ მცირერიცხოვანმა აფხაზმა ერმა გამოავლინა საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება. რასაკვირველია, პოლიტიკური ჩავარდნა ძალიან ბევრი ჩინოვნიკის კისერზე გადაივლის, მათ შორის მოსკოვში და ბჟანია თუ დღეს თავს ცუდად გრძნობს, არც ის არ არის გამორიცხული, რომ ამ საერთო ზომებში ის არის მათი ერთ-ერთი ბერკეტი. ხელაღებით ამაზე საუბარი არ შემიძლია ისე, როგორც აფხაზური საზოგადოების ნაწილი საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა პირობა და საფუძველი არსებობს, რომ ამის ეჭვი ვიქონიოთ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი.
„სპუტნიკ აბხაზიას" ინფორმაციით, ოთხშაბათს აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბღანბა რუსეთის ე.წ ელჩს აფხაზეთში ალექსეი დვინიანინს შეხვდა და მოითხოვა მოწამვლის ფაქტზე საქმის აღძვრა.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი შეისწავლის შესაძლო მოწამვლის ფაქტს: „ვალერი ბღანბას მიმართვა აუცილებლად განიხილება ქვეყნის ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ანალიზიც გაუკეთდება".
როგორც „სპუტნიკმა" აღნიშნა, ბღანბამ ელჩის ყურადღება გაამახვილა არაერთი რუსული მედია საშუალების ქმედებაზე, თითქოს ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატის მოწამვლის შესახებ ანონიმური წყაროების მითითებით, და დასძინა, რომ აფხაზეთში ამას მიიჩნევენ „სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაში დესტაბილიზაციის მცდელობად".
შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ადგილობრივი არჩევნები კი 22 მარტსაა ჩანიშნული. აფხაზური საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია წინა არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ მოწამლეს.
2 მარტს ასლან ბჟანია სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დროისთვის კი ის კრასნოდარის საავადმყოფოში, ინტენსიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება.