თამარ შუკვანი
04.03.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ოპოზიციას ორ ვარიანტს სთავაზობს, - 100/50-ზე და 110/40-ზე. თუმცა ოპოზიციური სპექტრისთვის ორივე შეთავაზება მიუღებელია, რადგან, მათი თქმით, ეს წინადადება პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული არ არის. ამასთან, „ქართული ოცნებამ" ოპოზიციას შესთავაზა საარჩევნო ბარიერი თავად დაასახელოს. პატარა პარტიებს კი ურჩევს ეს შანსი გამოიყენონ იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ.

თუკი ოპოზიციის უმრავლესობისთვის ხელისუფლების წინადადება მისაღები იქნება, შესაძლოა სწორედ მათთან მოხდეს შეთანხმება და ამ შემთხვევაში ერთი ან ორი პარტიის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიენიჭება. ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, საარჩევნო ბარიერის დასახელებასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება ოპოზიციის დაყოფის მცდელობაა.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის საარჩევნო ბარიერს გადამწყვეტი მნიშვენლობა არ აქვს და აღნიშნავს, რომ სხვა უფრო საჭირბოროტო საკითხებია მოსაგვარებელი.

როგორც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „რეზონანსს" უთხრა, საარჩევნო ბარიერის დასახელების შესახებ გაკეთებული განცხადება პატარა პარტიების გადაბირებას ემსახურება.

„საარჩევნო ბარიერი საერთოდ თემა არ არის ჩვენთვის, ეს ერთი იქნება, ორი თუ სამი, არ გვაინტერესებს. ამით უნდათ რომელიღაცა პატარა პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, დაითანხმონ, მაგრამ ჯამში, ოპოზიციური ერთობა იმ ორ საკითხზე, რაც არის პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის დამთავრება, იგივე რჩება," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

110/40-ზე სისტემა ასევე მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის".

„110/40-ზე მიუღებელია ოპოზიციისთვის. ჩვენთვის მისაღებია პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, რომელიც არ არის 110/40-ზე. რადგან ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა 150/0 სისტემის შემოღების შესახებ, კეთილი ინებონ და ისეთი სისტემა შემოიტანოს, რომელიც ოპოზიციისთვის მისაღები იქნება.

„რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ბარიერი იქნება ის, რაზეც პარტიების უმრავლესობა შეჯერდება. ჯერ არაფერია, არც ზეპირად და არც დოკუმენტურად," - თქვა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება „პარტიოტთა ალიანსს," თანახმაა გაიზიაროს და მიიღოს ის შეთავაზება, რასაც უმცირესობის უმრავლესობა გადაწყვეტს. თუკი ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი თანახმა იქნება 110/40-ზე, თავადაც დათანხმდება, თუმცა ამას მთელი რიგი ცვლილებები უნდა მოჰყვეს.

„წარვადგინეთ 135/15-ზე სისტემა, რომელიც მისაღებია, რადგან ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. რაც შეეხება 110/40-ზე შეთავაზებას, უფრო მეტი პროპორციულობისკენ მიდის და თუ ამას ექნება შესაბამისი ბარიერი, ასევე შემაკავებელი ბარიერი, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, მხარი დავუჭიროთ. არ გვინდა საერთო კონსენსუსი ჩავშალოთ. თუ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის ეს მისაღები იქნება, ჩამოვყალიბდებით ამის მხარდაჭერაზე, ოღონდ მხოლოდ ეს პუნქტები არ განსაზღვრავს საარჩევნო სისტემას, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ველოდებით ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანას. ყველა საკითხს აქვს თავისი წონა. უმთავრესი საკითხი არის პროპორციული სისტემა. მზად ვართ საერთო კონსენსუსისთვის. რასაც გვთავაზობენ, პირველ რიგში ველოდებით ხელისუფლებისგან ამის ფურცელზე გადატანას კანონპროექტის სახით," - აღნიშნა გოჩა თევდორაძემ „რეზონანსთან".

ცნობისათვის ხელისუფლებამ ოპოზიციას ვადა 9 მარტამდე მისცა. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუკი საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდება, ძველი შერეული სისტემა დარჩება.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, ორივე მხარე რადიკალურად განსხვავებულ და თითქმის საპირისპირო მოსაზრებას აჟღერებდა. კერძოდ, „ოცნება" იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეჭვობს, ხელისუფლებასთან რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ.

28 თებერვალს საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. 27 თებერვალს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მსგავსი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×