
თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სხეულები დაანაწევრა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 18 წლის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მიხეილ ზაუტაშვილია. მოზარდი ჯერ მძინარე დედას გაუსწორდა შემდეგ კი ბებიას დაესხა თავს.
თბილისის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მოზარდს არასდროს უთქვამს, რომ მას ჩაგრავდნენ. სხვა სკოლაში გადასვლის მიზეზი კი ოჯახის გადაწყვეტილება იყო, რათა ბიჭს პროფესიულ სასწავლებელში მიეღო განათლება. სკოლის სასწავლო ნაწილი, მაია დუდაური ამბობს, რომ ბავშვს დედის ინფორმაციით, ის დეპრესიული იყო და სკოლასაც ხშირად აცდენდა.
„გადმოვიდა მეათე კლასში და მეათე კლასის ბოლომდე ისწავლა ჩვენთან. მეთერთმეტე კლასში ისევ საჯარო სკოლაში გადავიდა და მეთორმეტეში უკან გადმოვიდა. მკვლელობამდე 4 დღით ადრე დედამისი მეუბნებოდა, ცოტა დეპრესიაშიაო. ბოლო დროს ხშირად აცდენდა გაკვეთილებს“, – ყვება მაია დუდაური.
დაკავებული მოზარდის სკოლელი ამბობს, რომ ზაუტაშვილი პრობლემებზე არასდროს საუბრობდა და კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა.
„პრობლემებზე არასდროს საუბრობდა. კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა. ჩემი აზრით, ამის ჩადენა მართლა არ შეეძლო. ვერ ვხვდები, ეს როგორ გააკეთა“, – ამბობს გიორგი კოპაძე.
საზარელი მკვლელობა თბილისში ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 25 თებერვალს მოხდა, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.