
ბოლო ორ თვეში ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკა შესაძლოა რეალურ სანქციებში გადაიზარდოს. მიიჩნევს ანალიტიკოსთა ნაწილი. ამის წინაპირობას ქმნის ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას დღეს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკრი პარტიის წევრი დენ ქრენშოუ ემხრობა. იგი უკვე მეშვიდე ამერიკელი კანონდებელია, რომელმაც კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სანქციების დაწესების შესახებ საუბარი ცალკეული კონრესმენების სურვილს წარმოადგენს და მუქარას რეალური ასახვა არ ექნება. ოპოზიცია კი თვლის, რომ თუკი „ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკა გაგრძელდება, შესაძლოა საქართველოს მთავრობისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებით დასრულდეს.
სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი, რესპუბლიკელი მარკვეინ მალინია, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს. ბიზნესის შევიწროების ერთ-ერთ მაგალითად მას ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერა" მოჰყავს, რომელთანაც საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში დაობს.
მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა, რასაც რაიმე კონკრეტული ასახვა ამ დროისთვის არ ჰქონია. დოკუმენტი ავალდებულებს აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესს შეატყობინოს, არღვევს თუ არა საქართველო ვალდებულებებს, ან შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოში მომუშავე ამერიკულ ბიზნესმენებთან გააფორმა.
ასევე, შეატყობინოს იმ მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობა, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელნი არიან. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნებისთვის" სანქციების დაწესებას წინასაარჩევნო პერიოდში არ ელოდება, რადგან ეს იქნება ხელისუფლების ოპონენტების ღია მხარდაჭერა.
„ვფიქრობ ეს ყველაფერი სანქციებში არ გადაიზრდება, რადგან შვიდი კონგრესმენის მხარდაჭერა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს ინიციატივა გაფორმდეს და სანქციებში გადაიზარდოს.
"ამას მხარი უნდა დაუჭიროს თეთრი სახლის ადმინისტრაციამ და მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი. ეს უბრალოდ არის იმ კონგრესმენთა მუშაობის შედეგი, რომლებიც ახლა „ფრონტანას" ლობირებას ეწევიან, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ. საქართველოში, მათი აზრით, ამერიკულ ინვესტიციებს საფრთხე ექმნება და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება უნდა დასაჯონ.
„ეს კრიტიკა ალბათ ორ ნაწილად უნდა დავყოთ - ერთი ეხება უშუალოდ კომპანია „ფრონტანას" პრობლემებს და ძირითადად ეს არის წამყვანი. კრიტიკის მეორე ნაწილი -კონგრესმენების მხრიდან ეს ეხება დემოკრატიის, მმართველობის და ა.შ. საკითხებს.
"არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში, სანქციების დაწესება საქართველოს ხელისუფლებისთვის, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან გამოდის, რომ ისინი ამით აშკარად ფორას აძლევენ ოპონენტებს," - აღნიშნა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან."
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, იმის ალბათობა, რომ „ქართულ ოცნებას" სანქციები დაუწესონ, მაღალია და ეს შეიძლება გამოიხატოს, როგორც ხელისუფლების წარმომადგნელებისთვის ამერიკაში გამგზავრების შეზღუდვით, ასევე, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებით.
„ეს შეიძლება სანქციებში გადაიზარდოს. მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ რამდენიმე კონგრესმენმა გააკეთა განცხადება და ეს არ ასახავს ამერიკის ხელისუფლების პოზიციას.
"თუმცა, ამერიკის კონგრესის 535-ვე წევრი საქართველოს საკითხზე ვერ იმუშავებს, უამრავი სხვა პრობლემა არსებობს თვითონ აშშ-სა თუ მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც შესწავლილი აქვთ და დაინტერესებულები არიან შეიტანონ საქართველოს საკითხებიც.
„პირველ რიგში საჭირო გახდება რეზოულუციის მიღება, სადაც იქნება მოწოდება, გაფრთხილება. თუ ხელიუსუფლება ვერ ან არ უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, შესაძლებელია გადაიხედოს მაგალითად ამერიკული ვიზების გაცემის საკითხი. რადიკალური ზომა იქნება ფინანსური რესურსების, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაბლოკვა," - თქვა „რეზონანსთან" ჩიტაძემ.
ცნობისათვის, ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკა დაიწყო მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, რასაც ასევე მოჰყვა ოპოზიციის საპროტესტო აქციები და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება.