
ჩავარდნილ ზამთრის სეზონს ახლა კორონავირუსი დაემატა, რომლის გამოც საზღვრები ჩაიკეტა და ტურისტულმა ბიზნესმა კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიიღო. როგორც ჩანს, საქართველოს ახალი ტურისტული ნაკადი არც გაზაფხულზე ეყოლება, ამ დროს კი სასტუმროების ბიზნესი ნელ-ნელა იძირება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სასტუმროების დახურვა მასობრივად დაიწყოს. უნდა დაეხმაროს თუ არა ასეთ დროს სახელმწიფო ბიზნესს? ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ არის ვალდებული ასეთ დროს დახმარება აღმოუჩინოს კერძო სექტორს.
უკვე რამდენიმე დღეა, სასტუმროების ინდუსტრია საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეულ რისკებსა და დანაკარგზე საუბრობს. ფედერაციის ცნობით, მარტ-აპრილში ტურისტული ჯავშნების 80%-დან 90%-მდე უკვე გაუქმებულია. ბიზნესმენები მთავრობას კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ბანკებთან შუამდგომლობისა და გადასახადების გადავადების თხოვნით მიმართავენ.
ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ძალიან მალე სასტუმროების დახურვა დაიწყოს. ამის მიზეზი ჩაწოლილი სეზონი და გაუქმებული ჯავშნები იქნება.
„ვფიქრობ, სექტორი ამ დარტყმას ვერ გადაიტანს. 2017 წლის მერე ჩვენ ბიზნესში სერიოზული კლება დაიწყო. შარშან ზამთარშიც საკმაოდ დიდი ვარდნა გვქონდა ვირუსების გამო, მერე იყო „გავრილოვის ღამის“ შემდეგი პროცესები.
საკმაოდ ბევრი ბაზარი, რომელიც დადებითად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ, ნეგატიურად განეწყო. ასევე სერიოზული კლება გვაქვს ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა, მაგალითად, დუბაი. თბილისის მასშტაბით, სასტუმროების შემოსავლები იანვარში თითქმის 35-37%-ით იყო შემცირებული, ხოლო ის რესურსი, რაც ჩვენ ბიზნესს ჰქონდა, დეკემბერ-იანვარში დავხარჯეთ.
მეშინია, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება სასტუმროებმა დახურვა დაიწყოს. ვიცი რამდენიმე სასტუმრო, რომელმაც კარი დაკეტა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სასტუმროების ბიზნესი შოკშია, რადგან დღესდღეობით არ ვიცით რა გავაკეთოთ,“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.
სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, თუმცა მათ პოზიციას არ ეთანხმებიან ეკონომისტები. ისინი მიიჩნევენ, რომ ბიზნესმა თავად უნდა მოახერხოს გამოსავლის პოვნა.
ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ბიზნესი არის მაღალრისკიანი საქმიანობა და ის არ გულისხმობს მხოლოდ მშვიდობის დროში მოგების ჯიბეში ჩადებას და კრიზისულ პერიოდში მთავრობის მხრიდან გარანტირებულ კომპენსაციას. მას ტურსტული ბიზნესის მიერ ატეხილი განგაშის საფუძველში ეჭვი შეაქვს.
"ამ ეტაპზე დახმარება უფრო მორალურ ხასიათს უნდა ატარებდეს და თუ სიტუაცია უფრო გართულდება შეიძლება მერე ფინანსურ დახმარებაზეც იფიქროს კაცმა, მაგრამ ჯერ ნაადრევია. სანამ არ ვნახავთ, რომ ტურისტულმა ობიექტებმა რაიმე შეთავაზებების გაკეთება დაიწყეს მომხმარებლებისთვის, ვერ დავიჯერებ, რომ "კატასტროფულ მდგომარეობაში" არიან. ამხელა შემოსავლები თუ ეკარგებათ და ჯავშნები უუქმდებათ, აიღონ და დააკლონ ფასი ან რაიმე აქცია მოაწყონ, თუ ამას არ აკეთებენ ე.ი. ტყუილად ყვირიან", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ბიზნესმენები სახელმწიფოსგან ითხოვენ დახმარებას და ისინი ავალდებულებენ კიდეც მთავრობას ასეთ დროს გვერდით დაუდგნენ, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი დონის ბიზნესმენებს რისკები გააზრებული არ აქვთ. შესაბამისად, მოუმზადებლები და სხვის დახმარებაზე დამოკიდებულებულები ზუსტად ამიტომაც არიან. ეკონომისტი აკაკი ცომაიაც თვლის, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული ბიზნესი დაასუბსიდიროს.
„სახელმწიფო მუდმივად არ უნდა ეხმარებოდეს სხვადასხვა ბიზნესს. ეს არ არის მთავრობის როლი, რაც აუცილებლად უნდა გაიზრონ ბიზნესმენებმა და შეეგუონ ამ ფაქტს. ასეთ დროს დახმარების თხოვნა მიზანშეწონილი სულაც არ არის. ბიზნესს ახლავს თავისი რისკები, რაც აუცილებლად უნდა გაიზრონ ბიზნესმენებმა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო უაზრო ხარჯებს და ამ მხრიდან შევხედავთ საკითხს, ასეთ შემთხვევაში ისევ ბიზნესის სუბსიდირება სჯობს უაზროდ გადაყრილ თანხას“, - განუცხადა "რეზონანსს" აკაკი ცომაიამ.