"სავარაუდოდ, დანაკარგის ზღვარი იქნება 150 მლნ დოლარის ფარგლებში, რაც არ არის კრიტიკული მოცულობა"
თამარ მუკბანიანი
05.03.2020

კორონავირუსის საფრთხე, საქართველოს ეკონომიკაში არაერთ დარგს და მათ შორის ეკონომიკურ ზრდასაც შეამცირებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თითოეული მიმართულებით დანაკლისი დაახლოებით 15% იქნება. მოსახლეობა 2020 წელს არ უნდა ელოდოს არავითარ ზრდას, რომელიც მათ კეთილდღეობაზე აისახება. 

საქართველოში, ოფიციალურად კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული. პირდაპირი ავიამიმოსვლა, ჩინეთთან და ირანთან შეწყდა. დღის წესრიგში ახლა იტალიასთან ფრენის შეჩერება დგას. რომელი სექტორები დაკარგავს ყველაზე მეტ თანხებს და ჯამურად რამდენი დააკლდება ქვეყნის ეკონომიკას ,,რეზონანსმა” კითხვით ანალიტიკოსებს მიმართა. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე პრეზიდენტი ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახება კორონავირუსის საფრთხე. მისივე თქმით, არ უნდა ველოდოთ არანაირ ზრდას, ასეთი რამ 2020-ში ნამდვილად არ მოხდება

,,პანდემია, გარდა ტურიზმისა, აუცილებლად შეეხება სამშენებლო სექტორს, ვინაიდან შემცირდება გაყიდვის მოცულობა. ყოველთვის როცა ნებისმიერი ასეთი საფრთხე იჩენს თავს და ეკონომიკა რეცესიაში შედის ბევრ ქვეყანაში, მცირდება ინვესტიციების მოცულობა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი გამყარებულია, ფასის შემცირება არ მომხდარა და არც უნდა ველოდოთ უახლოეს თვეებში. პირიქით, გაძვირებაც კი შეინიშნება გარკვეულ პროდუქტებზე. 

ეკონომიკური ზრდის კუთხით გავლენა იქნება მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, შემცირების მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლების მე პირადად ისედაც არ მჯერა, რადგან ეს სტატისტიკა არის შელამაზებული, გამომდინარე იმ მეთოდიკიდან, რითიც "საქსტატი" იყენებს. რეალურად ჩვენ, ეკონომიკურ სექტორებში არ უნდა ველოდოთ ზრდას, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქონიებს გავლენას. ასეთი რამ ნამდვილად არ მოხდება“, - განუცხადა ,,რეზონანს” შენგელიამ. 

ანალიტიკოსი ლარის ბოლო დროინდელ გამყარებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ლარისათვის კრიტიკულად გარდამტეხი მომენტი, 5-10 მაისი იქნება. 

,,ლარს არავითარი წონასწორობის კურსი არ გააჩნია, რადგან ეს იყო ერთგვარი ტრიუკი ეროვნული ბანკის მხრიდან. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარი აღარ არის მოწყვლადი შოკების მიმართ, თუ 5 მაისის შემდეგ, კვალვ არ დაიწყო გაუფასურება. ჩვენი გავთლებით და დიდი ალბათობით ამ პერიოდიდან ისევ გაუფასურდება”, - დასძინა შენგელიამ. 

პანდემიის საფრთხემ მსოფლიო მოიცვა და როგორც ჯანდაცვის უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური დღის წესრიგის შეცვალა. ყველგან, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, სადაც ჯერ კიდევ არ გავრცელებულა ახალი ვირუსი. საინვესტიო ბანკ ,,გალტ ენდ თაგარტის” ანალიტიკოსები, საქართველოში 2.5 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს ელოდებიან ყოველ თვიურად, ისიც მხოლოდ ავიამიმოსვლის შეჩერებიდან. კორონავირუსმა, არჩევნები და სხვა გამოწვევებიც მეორე პლანზე გადაწია და ახლა მთავარი საზრუნავი მიღებული ზარალისა და რისკების აღმოფხვრაა.  

,,2020 წელი მნიშვნელოვანი გაურკვევლობით დაიწყო მსოფლიოში. კორონავირუსმა საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობას და შეაფერხა ეკონომიკური საქმიანობა ჩინეთში, რაც მსოფლიო ეკონომიკაზეც აისახა - მსოფლიო ბირჟებზე აქციების ფასები ეცემა, ვალუტები უფასურდება, მოგზაურობა იზღუდება და სხვა. იმედია, ვირუსი გლობალური პანდემიის სახეს არ მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოში გაურკვევლობა ისევ გრძელდება და რთულია ზუსტი შეფასებების გაკეთება. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიწყებთ საფრთხეების იდენტიფიცირებას საქართველოს ეკონომიკისთვის და სხვადასხვა

არასასურველი სცენარის განვითარების შემთხვევებსაც ვუშვებთ. 

2019 წლის ბოლოს ჩვენ განვაახლეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.7%-ის დონეზე 2020 წლისთვის და გამოვყავით ორი ძირითადი რისკი - გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა; მაგრამ ახლა განსხვავებული შეხედულება გვაქვს. ეს ორი რისკი კი შესუსტდა, მაგრამ სახეზეა ახალი უფრო მასშტაბური პრობლემა - კორონავირუსი. 

ამ ეტაპზე ძნელია ზუსტი შეფასებების გაკეთება თუ რა გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე. თუ ვირუსმა გლობალური ეკონომიკის შემცირება გამოიწვია (რასაც ამ ეტაპზე ვარაუდობენ), მაშინ ეს ჩვენ ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება. 

საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენა აკრძალა კორონავირუსის საფრთხის ასაცილებლად. ჩვენი შეფასებით ფრენების აღდგენამდე (2020 წლის აპრილი) ყოველთვიური დანაკლისი დაახლოებით 2.5 მლნ აშშ დოლარი იქნება.

საქართველომ ირანთანაც აკრძალა მიმოსვლა კორონავირუსის საფრთხის ასაცილებლად. ჩვენი შეფასებით, მიმოსვლის აღდგენამდე ყოველთვიური დანაკლისი დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარი იქნება ირანიდან”, - აღნიშნავენ ,,გალტ ენდ თაგარტში”.

რამდენი იქნება საერთო დანაკლისი, რომელსაც ქართული ეკონომიკა გარდაუვლად მიიღებს, ახლა ეს არის მთავარი კითხვა. ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ვარაუდობს, რომ ყველაფერი ერთად, ჯამურად 150 მლნ-ზე მეტი არუნდა იყოს. 

,,კორონავირუსის ქართულ ეკონომიკაზე გავლენის მასშტაბი ამ ეტაპზე მცირეა და არ წამოადგენს განგაშის საფუძველს. სჯობს გავიაზროთ რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ძირითადი ვიზიტორები მეზობელი ქვეყნებიდან არიან და მათზე მოდის ნახევარზე მეტი. ამიტომ მომდევნო ერთი-ორი თვის განმავლობაში შემცირება იქნება, მაგრამ რადგან ეს არის დროებითი და არ გაგრძელდება ზაფხულის შემდეგ. 

საერთო ჯამში, ფინანსურად რომ დავთვალოთ, დანაკარგის ზღვარი იქნება 150 მლნ დოლარი საქართველოს ეკონომიკისთვის - ინვესტიციებით, ფულადი გზავნილებით, ინვესტიციებით, ვაჭრობით, ყველაფრით ერთად, იმის გავთვალისწინებითაც კი, რომ 20%-ით შემცირდეს ტურისტული ნაკადი. ეს არ არის კრიტიკული მოცულობა, რომ ჩამოშლა ან მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვიოს”, - აღნიშნა ჭარაიამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×