
საქართველოში ახალი კორონავისურით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და ამ დროისთვის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. აქედან რვა ადამიანი იტალიაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს. მისივე თქმით, ასეთ რეკომენდაციას არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა.
შეწყვეტილია სწავლა ბაღებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში. რაც შეეხება კერძო ბაღებს, ფუნქციონირებას განაგრძობენ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ახალი კორონავირუსის მდგომარეობის გამო, კერძო ბაღებთან მიმართებით სააღმზრდელო პროცესის შეჩერებაზე მოთხოვნა გამკაცრდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განხილული უნდა იყოს სხვადასხვა სცენარები და მათზე საპასუხო ზომები. კერძოდ:
„პირველი სცენარი არის, როცა ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია. მეორე ფაზა არის, როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები, ხოლო მესამე - როცა ხდება საჯარო გავრცელება. ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის. ეს იქნება განხილვის მთავარი თემა, რომელი სცენარის დროს რა შეიძლება გაკეთდეს. ზოგადად, საპასუხო ზომები და მზაობა უნდა იყოს კომპლექსური, ჩვენ სხვადასხვა ასპექტები უნდა განვიხილოთ დაწყებული სახელმწიფო კოორდინაციით და კომუნიკაციით, რაც გულისხმობს საავადმყოფოების მზაობას, ჯანდაცვის სისტემის მზაობას, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას,"-აღნიშნა დომენტემ.
5 მარტს ღამით კორონავირუსი ერთდროულად ხუთ ადამიანს დაუდგინდა. კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპისთვის 162 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 45 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხუთივე დაინფიცირებული იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია იმავე დღეს დაუდასტურდა. ის საქართველოში იტალიიდან კვირას დაბრუნდა, 3 დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მაღალი სიცხით კი ინფექციურ კლინიკას გუშინ მიმართა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მათგანი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 9 პირიდან 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსი გლობალურად სწრაფად ვრცელდება და ეს „სასწავლო წვრთნა" არ არის. ტედროს გაბრეიესუსის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება. მისივე თქმით, ეპიდემიის უკუგდება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური, კოორდინირებული მიდგომით.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 55 600-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებისა და დასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა, ახალკორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, თუ აუცილებელი არ არის, საზოგადოებამ გადადოს მოგზაურობა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებში.
იმ შემთხვევაში კი თუ პირი საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
„არ იქონიოთ დაუცველი და მჭიდრო კონტაქტი გარეულ და /ან ფერმის ცხოველებთან და ფრინველებთან; არ მიირთვათ უმი ხორცისგან დამზადებული მოუხარშავი კერძები; მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით; გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი თუ გახველებთ ან გაცემინებთ;
„ხველის ან ცემინების დროს აიფარეთ პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი; თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ უნდა იყოთ იზოლაციაში თქვენს მიერ დასენიანებული რეგიონის დატოვებიდან 14 დღის განმავლობაში," -ნათქვამია რეკომენდაციაში.