ალექსანდრე კორტავა
06.03.2020

  „მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიიღოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამსახურებმა. ასევე იმ საერთაშორისო კონტექსტისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოსცემს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ფრენების შეზღუდვებს აქვს საფუძველი და აზრი იმ შემთხვევაში, თუ გავრცელების მაჩვენებლებში ორ ქვეყანას ან რეგიონებს შორის არსებობს კონტრასტი," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ფრენების შეზღუდვა საჭიროა და არგუმენტებიც იქნება წარმოდგენილი, პარლამენტი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არ იყოს პანიკა და აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამსახურები გასცემენ. რაც შეეხება ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს კორონავირუსის წინააღმდეგ, თალაკვაძის თქმით ქვეყანა ვირუსს წარმატებით უმკლავდება:

„საქართველოს პარლამენტი დადებით შეფასებას აძლევს მთავრობისა და ყველა შესაბამისი სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღებულ ზომებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ვთვლით, რომ საქართველო არის მსოფლიოში ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელმაც ყველაზე სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის".

კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარი დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმაც გააკეთა:

„ჩვენ პანიკას უნდა მოვერიდოთ. შესაძლებელია, პანიკით უფრო მეტი ზიანი მივიღოთ, ვიდრე თავად ამ ვირუსისგან გამოწვეული პრობლემებით. ამიტომ აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს შესაბამისი მედიკამენტის შექმნაზე და იმედი მაქვს, ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას მსოფლიო დაძლევს"

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კი საზოგადოებას მოუწოდებს ამ პერიოდში თავი შეიკავოს მოგზაურობისგან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×