თამარ შუკვანი
06.03.2020

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს, თუმცა, ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის დაკლებასთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ეს ვირუსი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

„დათბობასთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ჯერჯერობით ამ ვირუსის ქცევას პროგნოზს ვერ გავუკეთებთ.

„შეიძლება ვიხელმძღვანელოთ სხვა ვირუსული ინფექციების მაგალითით. ამ კონკრეტულზე გადაჭრით იმის თქვა, რომ დათბობასთან ერთად აუცილებლად უკუგანვითარება დაიწყება, არ შეგვიძლია," - უთხრა ბუწაშვილმა „რეზონანსს."

„დოიჩე ველე" სტატიას აქვეყნებს, სადაც ჰანოვერში მდებარე კლინიკური ინფექციების ცენტრის მოლეკულური ვირუსოლოგი ტომას პიტჩმანი განმარტავს, რატომ იძლევა გაზაფხული იმედს.

ახალი კორონავირუსი თუკი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსივით მოიქცევა, გაზაფხულის თბილი ამინდები მიკროორგანიზმებს გაანადგურებს და შეაჩერებს ვირუსს. მისივე თქმით, კორონავირუსის სეზონი ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც სეზონური გრიპის ტალღა, რომელიც ზამთრის გასვლასთან ერთად შესუსტებას დაიწყებს.

„გაზაფხული შესაძლოა, იმედის სეზონი გახდეს, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, დაემსგავსება თუ არა COVID-19-ი SARS-CoV-2 გრიპს. ეს ვირუსი იმით არის განსაკუთრებული, რომ ადამიანებისთვის სიახლეა. ჩინეთიდან მიღებული ცნობების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი ადამიანზე ცხოველიდან გადავიდა და ამის შემდეგ გავრცელდა.

„გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, ჩვენი იმუნური სისტემა არ არის მომზადებული პათოგენური მიკროორგანიზმების შეტევისთვის. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ამჟამად იდეალური პირობებია ვირუსის გასავრცელებლად. დაბალ ტემპერატურას ისინი კარგად ეგუებიან. შედარებისთვის, ისე ინახებიან, როგორც საკვები მაცივარში.

„რაც უფრო თბილი ამინდებია, მით უფრო ცუდი პირობებია ვირუსის გასავრცელებლად. კორონავირუსი გარშემორტყმულია ლიპიდური ფენით, სახვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხიმის ფენით, რაც თერმომდგრადი არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი სწრაფად იშლება. სხვა ვირუსები, მაგალითად ნოროვირუსი, უფრო მდგრადია, რადგან ძირითადად ცილებისა და გენეტიკური მასალისგან შედგება.

„ჰაერის ტენიანობა ასევე მოქმედებს ვირუსის გავრცელებაზე. მას შემდეგ, რაც დაავადების გამომწვევი ნაწილაკი დაცემინებასთან ერთად გარეთ მოხვდება, ის ჰაერში კიდია. ცივ ამინდში ვირუსის შემცველი მცირე წვეთები ჰაერში მეტ ხანს დაფარფატებენ, ვიდრე მაღალი ტენიანობის პირობებში," - თქვა პიტჩმანმა.

მისივე თქმით, პათოგენები ამგვარად ვრცელდება. თუმცა თავიდან ეს შეუმჩნეველია. პირველი კონტაქტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლოა, რამდენიმე კვირა გავიდეს.

კორონავირუსის შემთხვევაში, არსებული მონაცემების მიხედვით, ქალებს მეტი შანსი აქვთ გადარჩენის, ვიდრე მამაკაცებს, რაც პიტჩმანის თქმით, გენეტიკით აიხსნება.

„ზოგიერთი იმუნო-რელევატური გენი, მაგალითად, გენები, რომლებიც პასუხისმგებელია პათოგენის ამოცნობაზე, კოდირებულია X ქრომოსომაში, რომელიც ქალებს 2 აქვთ, მამაკაცებს კი, მხოლოდ ერთი. ამ შემთხვევაში ქალებს უპირატესობა აქვთ. ასევე გარკვეულ როლს თამაშობს ქალის ჰორმონი ესტროგენიც," - ამბობს პიტჩმანი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად წარიმართა პროცესი, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს. ამის შესახებ ზოიძემ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ პრესკონფენეციაზე განაცხადა.

ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავისურით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და ამ დროისთვის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×