საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, რომან გოცირიძის თქმით გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს მტკიცე პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებულად უნდა ჩატარდეს.
„ეს არის მცოცავი უკან დახევა. ჯერ ამბობდნენ, რომ როგორ გეკადრებათ, არ დავჯდებით მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთანო. წამოარტყეს ყურებზე და დავჯდებით კი არა, ახლა აქეთ გვეხვეწებიან. ჯერ ამბობდნენ 100/50-ზეო, მერე 110/40-ზეო. ახლა თურმე 5 იქით 5 აქეთ არაფერია. ყველაფერი ეს არის უაზრო თამაში.
„ჩვენ ვსაუბრობთ გასაგებად, ისინი ლაპარაკობენ ბუნდოვნად. რაღაც ჩამკეტები, რაღაც 5 იქით 5 აქეთ, მნიშვნელობა არ აქვს. ძალიანაც აქვს მნიშვნელობა, რადგან პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თვლა.
„ხელოვნური ჩამკეტი ოპოზიციას არ სჭირდება, არსებობს ბუნებრივი ჩამკეტი. ბუნებრივი ჩამკეტი არის ისეთი პროპორცია, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. დანარჩენი არის თავის დაძვრენის მცდელობა იმ საერთაშორისო ზეწოლის, რომელსაც ასე მკაცრად განიცდიან და საკუთარ ტყავზე იწვნევენ, თუკი ჩააგდეს ეს პროცესი. იქნება ძალიან სერიოზული მოქმედება, მათ შორის სანქციები, რომლებსაც დაინახავენ, ხოლო რა სისტემა იქნება, უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ნებისმიერ სისტემაში ქართული ოცნება არის უკვე განწირული."
კითხვაზე, აპირებს თუ არა რომან გოცირიძე არჩილ თალაკვაძის მიერ დაანონსებულ შეხვედრაზე მისვლას, პასუხობს:
„არჩილ თალაკვაძემ კი არა, ე.წ პრეზიდენტმა თქვა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან, გადავდივართ პროპორციულ სისტემაზეო, მაგრამ გადავედით?!"
თავის მხრივ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მზადაა გაერთიანებულ ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად.
„ჩვენთვის პრინციპული და მთავარი არ არის ხუთით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება პროპორციულ თუ მაჟორიტარულ მხარეს. ჩვენთვის მიუღებელია მანდატებით და საზოგადოების ინტერესებით ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, რომ 2020 წელს ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ გადასვლას 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე".