
თიკა სიბოშვილი
“ჯიპიაი ჰოლდინგმა” და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალ მეწარმეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ახალი ინიციატივა ეხება ქალბატონებს, რომლებიც მოღვაწეობენ მცირე და საშუალო ბიზნესში, არიან დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები.
სპეციალურ პრესკონფერენციაზე “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ დეტალურად ისაუბრა სადაზღვეო კომპანიის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაზღვეული კომპანიები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.
“ჯიპიაი ჰოლდინგმა” მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი შეთავაზება წარადგინა. იგი გულისხმობს საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის სპეციალური სადაზღვეო პროდუქტების მომზადებას და გარკვეულ შეღავათიან პირობებში შეთავაზებას ადგილობრივი მეწარმეებისთვის.
"ეს პროექტი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დავიწყეთ და დღემდე მიმდინარეობს, რომელშიც სამომავლოდაც სიახლეების შეტანას ვგეგმავთ. მოცემული ინიციატივა ეხება ქალბატონებს, რომლებიც მოღვაწეობენ მცირე და საშუალო ბიზნესში, არიან დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები.
ჩვენ გვინდა წავახალისოთ ქალბატონები და გარკვეული წვლილი შევიტანოთ მათ საქმიანობაში. ამისათვის ჩვენ შევქმენით სპეციალური გუნდი, რომელსაც ვეძახით მენტორებს, ისინი გადავამზადეთ სექტორული მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ჩვენი თანამშრომლები მზად არიან საქართველოში მოღვაწე ქალ მეწარმეებს სრულყოფილი კონსულტაციები შესთავაზონ სადაზღვეო რისკების სახით. რა თქმა უნდა, ყველა რისკის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლებიც მეწარმეებს შეუწყობს ხელს, რათა თავი აარიდონ და არ შეფერხდეს მათი ბიზნესი.
ქალ მეწარმეებს, გარდა მენტორებისა, ჩვენ ვთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას ქონებრივ დაზღვევაზე და გადავცემთ ე.წ. ბიზნესის შეფერხების დაზღვევას.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი ქალბატონი ჩაერთოს ბიზნესის განვითრებაში, რადგან საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი, ხოლო იმ ქალბატონების რიცხვი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ბიზნესში, ძალიან მზარდია. რასაკვირველია ჩვენთვის ეს არის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი, რის გამოც ვცდილობდით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ამ პროგრამაში”, - განაცხადა პაატა ლომაძემ
იგივე მოსაზრებას იზიარებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვი. მან “ჯიპიაის” პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ წამოწყებას წარმატება უსურვა.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოში იზრდება არა მხოლოდ “ქალთა გაძლიერების პრინციპების “ხელმომწერი კომპანიების რიცხვი, არამედ იმ კომპანიების რაოდენობა, ვინც რეალურ ბანიჯებს დგამს ქალთა გაძლიერების ძირითადი პრინციპების შესასრულებლად. რაც მთავარია, ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც პასუხობს ქალების საჭიროებებს. "ჯიპიაი ჰოლდინგის" პროექტი არის ინსპირაცია სხვა კომპანიებისთვისაც, რომ მეტი ბიზნესი ჩაერთოს გენდერული თანასწორობისთვის გასატარებელ ღონისძიებებში”, - განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.
პროექტის მონაწილე მეწარმეები ბიზნესის შეფერხების დაზღვევას საჩურად მიიღებენ. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ონლაინ სემინარები ბიზნეს-რისკების შემცირების შესახებ.
პროგრამა, რომელიც სადაზღვეო კომპანიამ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის, პლატფორით - „იმოქმედე, ჩვენ დაგიცავთ“ შექმნა, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების შესრულებას გულისხმობს.
ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინსტრუმენტია, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2018 წლიდან შეუერთდა და ამ მიზნით საქართველოში არა ერთ პროექტს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19.6% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 700 ადამიანი მუშაობს საქართველოს 7 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.