თამთა ჩაჩანიძე
07.03.2020

„თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს, ეს უპირველეს ყოვლისა ალბათ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეეხება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტის, ზიგფრიდ მურეშანის გაცხადებას.

მურეშანი ტელეკომპანია „ფორმულასთან"აცხადებს, რომ თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, ევროპარლამენტში სანქციების საკითხი იქნება განხილული.

„EPP-ის პოზიცია ნათელია - ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, მაგრამ თუ პროგრესს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსების გამო საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, ამას შედეგებიც მოჰყვება. ზუსტად ვიცით, როდის არ ასრულებენ იმას, რაც ჩვენთან შეათანხმეს; როდის არ ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა, როდის ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე და როდის არ არის სასამართლო დამოუკიდებელი. ეს ყველაფერი რეზოლუციის ნაწილია. რეზოლუციის გზავნილი კი ასეთია, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი საქართველოსთან, მაგრამ ველით მთავრობის მხრიდან დაპირებების შესრულებას", - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგე და ამასთანავე არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ სანქციები შესაძლოა უვიზო მიმოსვლის კუთხით განიხილოს.

„მოვლენების ნეგატიურად განვითარებაში ევროპარლამენტარი, ჩემი აზრით, გულისხმობს იმას, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმება ვერ მოხდება, ეს პირველ ეტაპად ჩაითვლება, ხოლო შემდეგ ეს იქნება არჩევნები და მასთან დაკავშირებული ლეგიტიმაციის საკითხი.

„საბოლოო ჯამში ეს პროცესები გადაწყდება იმით, თუ 2020 წლის არჩევნებზე ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები როგორ შეფასებას გააკეთებენ. თუ შეფასდა, რომ ეს არასამართლიანი არჩევნები იყო, მაშინ, როგორც ჩანს, ის პროცესი დაიწყება, რომელზედაც სახალხო პარტიის წარმომადგენელი საუბრობს.

„ხოლო ის, თუ სანქციებში რას გულისხმობს, მიჭირს ამის პროგნოზირება. თუმცა, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს, ეს უპირველეს ყოვლისა ალბათ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეეხება, უპირველეს ყოვლისა ამ მიმართულებით იქნება იმიტომ, რომ ეს მთელს მოსახლეობაზე მუშაობს და არა ქვეყანაში ადამიანების გარკვეულ ფენაზე", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×