
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" ლიდერები ელოდებიან, რომ უახლოეს ორ დღეში მხარეებს შორის შეხვედრა შედგება. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 9 მარტამდე ხელისუფლებას აუცილებლად შეხვდებიან. თანაც,მზად არიან დათმობისთვის და ეს კომპრომისი შეიძლება 120/30 მოდელი იყოს.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრობს, თუკი „ქართული ოცნების" მხრიდან შეთავაზება წერილობითი დოკუმენტის სახით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიცია მზადაა კომპროპმისზე წავიდეს და წინადადება - 120/30 მოდელი მიიღოს.
„როდესაც გვექნება რეალისტური შეთავაზება, რომელზედაც შეიძლება ვიმსჯელოთ, შევხვდებით ხელისუფლებას. ჯერ შემოგვთავაზონ და შემდეგ ვუპასუხებთ. თუ მათი მხრიდან იქნება დადასტურებული (120/30-ზე მოდელი), ეს შეიძლება გახდეს კომპრომისის საფუძველი, თუმცა, არ ვიცით რას გვთავაზობენ.
„მას შემდეგ, რაც შემოთავაზება იქნება, რა თქმა უნდა, განვიხილავთ. ჯერ უნდა იყოს ოფიციალური შეთავაზება და გარანტია, რომ კვლავ არ შეიცვლება. არ ვართ ხისტები და გონივრულ გადაწყვეტილებას დავუჭერთ მხარს. მზად ვართ კომპრომისისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზადყოფნას გამოვხატავთ იყოს ის, რასაც თალაკვაძე ამბობს.
„არავინ ენდობა მათ, ჩვენ გვინდა ზეპირი განცხადება და წერილობით დოკუმენტი, რომელსაც დაარეგისტრირებენ სააერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით.ყველაფერს ივანიშვილი წყვეტს და რა ვიცი როგორ გაიღვიძა დღეს," - თქვა გოცირიძემ.
კითხვას, იგეგმება თუ არა 9 მარტამდე ხელისუფლებასთან შეხვედრა, მან დადებითი პასუხი გასცა:
„ივანიშვილს ეშინია პერსონალური სანქციების. იმდენად დიდია საერთაშორეისო ზეწოლა, რომ დიდი იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება და იქნება კომპრომისული წინადადადება, ისეთი, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის. დიდი ალბათობაა იმისა, რომ წამოვიდნენ დათმობაზე," - აღნიშნა გოცირიძემ.
ცნობისათვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების ბოლო ვადა 9 მარტია.