
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 120/30 საარჩევნო მოდელს მხარს არ უჭერს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკურ ვაჭრობას გაემიჯნა, რადგან მისთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას შეეხებოდა. მისივე თქმით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, თანაც დახურული სიით, დემოკრატიულ პრინციპებს არ პასუხობს.
„არ ვუჭერ მხარს არც 150-ს, არც 110/40-ს და არც 120/30-ს. თუ მაჟორიტარული სისტემა და მაჟორიტარები დამნაშავეები ვართ იმაში, რომ ქვეყანა წინ არ მიდის, მაშინ მაჟორიტარები დასახოცები ვართ. ამ ვაჭრობის შედეგი არის ის, რომ თითქოს მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა და ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს, ასეთი ინტერპრეტაცია არ არის სწორი. მიკვირს არ ისმის ის მოთხოვნები, რომ ღია პროპორციულ სისტემაზე გადავიდნენ. ეს სისტემა დემოკრატიულად ითვლება. დახურული სიებით პროპორციული არჩევნები დემოკრატიის ნიმუშად არ ითვლება დღევანდელ მსოფლიოში.
„ამ პროცესისგან გამიჯნული ვარ უკვე დიდი ხანია. ივნისში, როდესც ხელმოწერები შეგროვდა, ამ ინიციატივას ხელი არ მოვაწერე, რადგან ვთვლი, რომ ეს არასწორია. შედეგად დავაკნინეთ და ტალახში ამოვსვარეთ მაჟორიტარული ინსტიტუტი, რომელიც აბსოლუტურად მისაღებია მთელ მსოფლიოში. აღმოჩნდა, რომ ქვეყანა წინ არ მიდის, რადგან არსებობს კახა ოქრიაშვილი და სხვა მაჟორიტარები. ჩემთვის გაუგონარია ის, რაც ახლა ხდება.
„მაშინ ვვარაუდობდი, რომ ქვეყანა მაინც გადავიდოდა პროპორციულზე, რადგან მეგონა მხოლოდ 30-მდე მაჟორიტარი არ დაუჭერდა მხარს, მაგრამ აღმოჩნდა, დაახლოებით 40 კაცი იყო. ახლაც არ მივცემ ხმას. თუ დამიმტკიცებენ, რომ მაჟორტარული არჩევნები მართლაც ცუდია, ხმას მივცემ სრულიად პროპორციულზე გადასვლას, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად პროპორციული, თან დახურული სიებით, ძალიან ცუდი და დამღუპველია, იწვევს ხელისუფლების დეკონცენტრაციას, კონკურენციის დახურვას პოლიტიკურ ველზე. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს ვაჭრობა. მხარს არ დავუჭერ. რას გააკეთებენ სხვები, არ ვიცი," - უთხრა „რეზონანსს" ოქრიაშვილმა.