
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის რიტორიკის ცვლილებას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. შესაბამისად, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიციური სპექტრი ცდილობს დასავლელ დიპლომატებს ანგარიში გაუწიონ.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საარჩევნო მოდელ - 120/30-ზე სისტემის მომხრეა. მისი თქმით, ის ვერცერთ სისტემაში ვერ ხედავს პრობლემას. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ მას ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
„გაზაფხულის ბრალია ალბათ... მხოლოდ კალაძეზე არ დგას ეს საკითხი. მთლიანად ხელისუფლების პოზიციის ცვლილება იყო. ალბათ ამ ცვლილებაზე გავლენა იქონია ევროპელი მეგობრების მოწოდებებმა, რომ დათმობაზე წასულიყვნენ. ევროპელებს სურთ მხარეები დასხდნენ და მივიდნენ შედეგიან ფინალამდე.
„ხელისუფლება და ოპოზიცია მესამე მხარეს ანგარიშს უწევენ. ცდილობენ, რომ ევროპელი პარტნიორები ამ პროცესის შედეგად არ დარჩნენ გაწბილებული. ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა და ყველაფერი იცვლება, დაიწყო ცვლილებები,“ - უთხრა „რეზონანსს“ საყვარელიძემ.