თამთა ჩაჩანიძე
08.03.2020

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციური ბლოკის კანდიდატი ასლან ბჟანია ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. მან საკუთარ მომხრეებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია აუდიო ჩანაწერის საშუალებით მიაწოდა. 

„რამდენიმე დღეში აფხაზეთში ვიქნები. არაფერი საშინელი არ შემემთხვა, ჩვეულებრივი პნევმონია მაქვს. სამშობლოში მალე დავბრუნდები, მინდა მადლობა გადავუხადო, მათ ვინც ამ მთელი ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდა“, - აცხადებს ბჟანია აუდიოჩანაწერში.

აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სოხუმში არეულობისა და პრაქტიკულად „სახელმწიფო გადატრიალების“ მიზეზი გახდა. მაშინ „რეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა იძUლებული გახდა გადამდგარიყო, რის შემდეგაც ხელახალი „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაინიშნა, რომელიც 22 მარტს გაიმართება.

გასულ კვირას ბჟანიას მოულოდნელი ავადმყოფობის ინფორმაცია და მოარული ხმები, რომ ის შესაძლოა კიდევ ერთხელ მოწამლეს, კიდევ ერთხელ გახდა დაძაბულობის მიზეზი. ამჯერად სოხუმში ე.წ. მთავრობის სასახლის წინ ბჟანიას დაახლოებით 300 მხარდამჭერი შეიკრიბა და ბჟანიას გამოჯანმრთელებამდე „არჩევნების“ გადადება მოითხოვა. 

ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 3 მარტს მას შემდეგ გაუარესდა, როდესაც იგი მოსკოვში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოხუმში ბრუნდებოდა. იგი სასწრაფოდ სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ბჟანია ხელოვნურად შეიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაში. ამჟამად იგი რუსეთის კრასნოდარის ოლქში იმყოფება, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ კი მის მდგომარეობა დამაკამაყოფილებლად შეაფასა. 

დღეის მდგომარეობით ბჟანია „საპრეზიდენტო არჩევნებში“ უდავო ფავორიტად ითვლება. აფხაზურ საზოგადოებაში ყველაზე დიდ კამათს კი იწვევს მისი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველებისადმი. ორიოდე კვირის წინ მან განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილის შორის დიალოგი უნდა წარიმართოს და ის დადებითი შედეგით დასრულდეს.

კონფლიქტოლოგი, შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბჟანიას „გაპრეზიდენტებით“ ქართველებთან ურთიერთობა მხოლოდ აფხაზეთში შეიცვლება, რადგან თბილისი დიალოგისთვის მზად არაა. 

„თუ ქართული პოლიტიკა არ შეიცვალა, მნიშვნელობა არ აქვს იქიდან რა იქნება. აფხაზები გულწრფელად ქართული პოლიტიკის შეცვლას ელოდებიან. მგონია, რომ საქართველოში ძალიან რთული არჩევნები გველოდება და ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, ეჭვი მეპარება, რომ რამე მათთვის მისაღები შევთავაზოთ. აქედან გამომდინარე, ვერაფერი ვერ შეიცვლება, თუ ქართულო პოლიტიკა არ შეიცვალა. 

„შიდა კონტექსტში შეიძლება შეიცვალოს ის, რომ, მაგალითად, გალის მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უფრო ლოიალური იყოს და ქართველების მიმართ, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გადაადგილების, სწავლების, საკუთრების კუთხით უფრო შემწყნარებლური პოლიტიკა გაატარონ. მე უფრო აქეთკენ ველოდები ცვლილებებს, მაგრამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დონეზე ცვლილებების შანსებს ვერ ვხედავ, ვიდრე საქართველოში ახალი ხელისუფლება არ მოვა. 

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე აჩვენა, რომ ისინი მზად არ არიან და უნარი არ შესწევთ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან საერთო ენა იპოვონ, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს იმეორებენ - რომ აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და უნდა ველაპარაკოთ მხოლოდ რუსებს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნარატივი ახლა რომც შეცვალოს, უკვე აზრი არ აქვს, მათ აღარავინ დაუჯერებს. 

„ველოდები, რომ ბჟანიას „გაპრეზიდენტებით“ შიდა ვითარება ქართველებთან დამოკიდებულებაში უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ ქართულ-აფხაზურ დონეზე არაფერი შეიცვლება. არა იმიტომ, რომ ბჟანია არაა ამაზე წამომსვლელი, არამედ იმიტომ, რომ ქართული მხარე არაა ამისთვის მზად.

„უნდა ვცნოთ, რომ იქ არსებული დე ფაქტო ხელისუფლება - ესაა რეალური ხელისუფლება ადგილზე და კეთილი უნდა ვინებოთ და მას უნდა ველაპარაკოთ როგორც კონფლიქტის და მოლაპარაკების მხარეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×