
საქართველოში კორონა ვირუსის უკვე 13 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დაინფიცირებულთა შორის ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკა გამყრელიძეა. მას შეხება იმ ექიმთან ჰქონდა, რომელიც იტალიიდან მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა.
რა ბერკეტი აქვს ახლა ხელისუფლებას ვირუსის გავრცელების შესაჩაერებლად და რის საშუალებას აძლევს მას კანონი, თუკი ადამიანები სამედიცინო შემოწმებას თავს არიდებენ, ან კარანტინიდან გაქცევას მოინდომებენ.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ჯერ უცნობია, თუ რა დაემართება კორონავირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი მაღალ ტემპერატურის პირობებში გავრცელების უნარი შეუნარჩუნდეს.
„ცრუ იმედია იმის თქმა, რომ ის უბრალოდ გაქრება ზაფხულში გრიპის ვირუსის მსგავსად. ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ასე მოხდება. ჯერ არ ვიცით, რა აქტივობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესაძლებლობა," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მაიკ რაიანი.
საეჭვო კონტაქტების შემთხვევაში კი ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ მოქალაქეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მოქალაქეებს დროული რეაგირებისკენ ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ვირუსთან გამკლავება შედარებით მარტივი იქნება.
„მაქვს ძალიან დიდი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ - იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, დარეკონ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც მოწოდებულია. ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეავსებენ კითხვარს, რის შედეგადაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ და გარდა სარისკო ფაქტისა, ჩვენ შეიძლება დავგეგმოთ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში თვითიზოლაციაში ყოფნა საკმაოდ რთულია, რადგანაც ისევ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებამდე მივდივართ. მოსახლეობის უმეტესობას ბანკის ვალები აქვს გადასახდელი, ასევე ყოველდღიურად ლუკმა პურის შოვნისთვის იბრძვიან. ამიტომაც 4 დღით თვითიზოლაცია მათ შესაძლოა შიმშილის და კიდევ უფრო დიდი პრობლემების ფასად დაუჯდეთ. უმრავლესობას არ აქვს შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, სადაც ოჯახის წევრებისგან თავს იზოლაციაში მოიქცევენ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დაავადების გავრცელება, ანდა ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა დასჯადი ქმედებაა და ზოგიერთ შემთხვევაში ორწლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს. თუმცა, იურისტებმა „რეზონანსთან" განმარტეს, რომ ეს ეხება არა გრიპს არამედ, კონკრეტულად აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც დაავადების დადგენის შემდეგ ხელს აწერენ შესაბამის ხელწერილს და მათ ამ ინფორმაციის დამალვა ეკრძალებათ. ასევე დაავადების განზრახ გავრცელების შემთხვევაში კანონით დაისჯებიან.
თუმცა, არსებობს ერთი საკანონმდებლო ბერკეტი - როდესაც ქვეყანაში კარანტინი ცხადდება, კონკრეტულ ქალაქში თუ რეგიონში ფაქტობრივად მოსახლეობის იძულებით წესით თვითიზოლაცია ხდება, ან სპეციალურ დაწესებულებებში გადაჰყავთ. ხოლო ამის გამოცხადება კი იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვა კონკრეტულ ზღვარს მიაღწევს და სიტუაცია საგანგაში და უკონტროლო გახდა.
იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსახლეობის იძულების წესით სახლში დარჩენა ან კარანტინში გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი გაიზრდება და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება, როგორც ეს, მაგალითად, ჩინეთში მოხდა. ამ დროს კი საქმეში სამხედროები და თავდაცვის სამინისტრო ერთვება.
„როდესაც ქვეყანაში კარანტინი ცხადდება, სამედიცინო შემოწმებისგან თავის არიდება უკვე კანონის ძალით ისჯება. თუკი ახლა ვინმე სამედიცინო შემოწმებას თავს აარიდებს ან კარანტინიდან გაიქცევა, ვერ დასჯიან, რადგანაც კარანტინი გამოცხადებული არ არის. კარანტინის დროს გამოიცემა სპეციალური განკარგულება, რომელსაც მედიკოსები ან სხვა პირები გასცემენ. ხოლო მისი დაუმორჩილებლობა უკვე დასჯადი ხდება.
„კარანტინის დროს იძულებითი ღონისძიებებია, საქმეში სამეხდროები და პოლიცია ერთვება. ფაქტობრივად, რომელ ქალაქში ან რეგიონშიც კარანტინი გამოცხადდება, იქ მოსახლეობას კეტავენ და გარეთ გამოსვლას უკრძალავენ. დაახლოებით ისე, როგორც ახლა ჩინეთში ხდება, სადაც 70 მილიონი ადამიანი სახლიდან ვერ გამოდის. ცხადდება საგანგებო ღონისძიებები და ეს როგორც სამხედრო ღონისძიება ისე ტარდება.
„ახლა სისხლის სამართლის კოდექსში დასჯად ქმედება შიდსის შეყრა ითვლება. ეს გრიპზე არ ვცრელდება, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი", - აცხადებს ლია მუხაშავრია „რეზონანსთან".
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ მოერევა ამ პრობლემას, თუ თვითონ მოქალაქეების უდიდესი პასუხისმგებლობით არ იქცევიან. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სამოქალაქო თვითშეგნება გამოვიჩინოთ და მათაც კი, ვინც საზღვარგარეთ არ ვყოფილვართ, გარეთ გასვლა შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ.
„ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ გარედან ვირუსისი შემოსვლას, თუმცა ნაკლებ ყურადღებას იმას, თუკი ვირუსის ქვეყანაში გავრცელება მოხდება, რა გეგმა გვაქვს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის? ჯერ არ ვიცით ამინდი მოგვეხმარება თუ არა და ეს დადგენილი არ არის. ამიტომაც მარტო ხალხის თვითიზოლაციის იმედად არ უნდა ვიყოთ.
„ღმერთმა დაგვიფაროს და თუკი სიტუაცია გართულდება, ჰოსპიტალურად ამის მზაობა გვაქვს? თუკი ადამიანებს ვერ ვაიძულებთ თვითიზოლაციას, ამას კანონით ვერც შევძლებთ და მათ სამსახურებში იარეს, მაშინ საზღვრები სულ რომ ჩავკეტოთ, ქვეყანაში ისეთი მასობრივი გადადება გვექნება, არაფერი გვიშველის. მთავრობა გადაწყვეტილებას ემოციურად კი არ უნდა იღებდეს, კალკულაციას უნდა აკეთებდეს, ჯანდაცვის რისკი რამდენია და ეკონომიკური ზარალი რამხელაა. ეკონომიკური ზიანი ასე თვითიზოლაციით უფრო დიდი იქნება", - აცხადებს ჭიაბერაშვილი „რეზონანსთან".