
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია ქვეყანაში მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციულ არჩევნებთან მაქსიმალურად მიახლოებული გზით.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს ოპოზიციური პარტიების წევრებმა. მათი თქმით, ოპოზიციას აქვს იმედი, რომ აღნიშნული მოლაპარაკება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ გადაწყდება
„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტია 135/15 საარჩევნო მოდელს მიჩნევს რელევანტურად, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს არ არის აუცილებელი პირობა და შესაძლოა სხვა სახის მოდელებიც განიხილონ:
„დღეს შეთანხმდება უნდა შედგეს, რადგან დრო იწურება და სწრაფად შედგება შეთანხმდება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და საერთოდ, ჩვენი დემოკრატიული პროცესებისთვის. პოლიტიკური სპექტრი, ვფიქრობ, მისულია გარკვეულ კონდიციამდე, მე ვგულისხმობ უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც. ახლა მთავარია, რომ პროპორციულის კუთხით იყოს მეტი მოცულობა.
„მეორე საკითხია, რომ ჩვენ მომხრე ვართ სამპროცენტიანი ბარიერის და პლუს ბლოკებისთვის ხუთპროცენტიანი ბარიერის. იცით, რომ ჩვენ ასევე ვსაუბრობთ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობაზე, პლუს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი", - განაცხადა ინაშვილმა.
კომენტარი გააკეთა ასევე პარტია „სამართლიანობისთვის" წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ:
„ცვლილებები შესაძლებელია. ეს იქნება არა ერთი საკითხი, არამედ მთლიანად პაკეტში ცვლილებები. ეს ეხება ბარიერის თემას, არაძალადობრივ გარემოს, პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდას, ოლქების სწორად გადანაწილებას. ჩვენ შევძლებთ ამ მზაობით მივიდეთ შეთანხმებამდე, რომ ქვეყანაში არჩევნები მშვიდად და სამართლიანად ჩატარდეს", - აცხადებს ბესელია.
აღსანიშნავია თბილისის მერის, კახა კალაძის ბოლო დროინდელი დამოკიდებულება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ჯერ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდა, ამის შემდეგ განაცხადა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები 2024 წელსაც არ უნდა ჩატარებულიყო, ბოლოს კი აზრი ისევ შეიცვალა და თქვა, რომ სრულად პროპორციული არჩევნების დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს.
დღევანდელ შეხვედრაზე „ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოცხადდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.