
ბოლო წლებში საქართველოში ქალების ცნობიერება ამაღლდა, ისინი უფრო აქტიურად იცავენ საკუთარ უფლებებს ოჯახში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამან კი საზოგადოების ნაწილში ქალების მიმართ აგრესია გამოიწვია. ქალთა უფლებების დამცველთა აზრით, სწორედ ესაა ქალებზე ძალადობის ფაქტების საგანგაშოდ მატების მთავარი მიზეზი და ამას მხოლოდ პოლიციის გააქტიურება ვერ უშველის, რადგანაც „ქალებმა ისწავლეს, რომ აღარ მოითმინონ, მაგრამ ჩვენ სამაგიეროდ ვერაფერს ვახვედრებთ, რომ გადარჩნენ“.
საშუალოდ ყოველ მეათე დღეს საქართველოში ქალებს ან თავს ესხმიან და მათზე ძალადობენ, ან პირდაპირ კლავენ და ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეალური სურათი, სავარაუდოდ, გაცილებით მძიმეა, რადგანაც ოჯახური ძალადობის ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ არ ხმაურდება.
ქვეყანაში ფემიციდის კუთხით დაწყებული მკვლელობები ეპიდემიის სახეს იღებს და მოძალადე მამაკაცები ქალებზე თავდასხმას ქუჩაში აღარ ერიდებიან. უფლებადამცველები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კუთხით უამრავი რეფორმა გაატარა, თუმცა გამოსავალი მაინც არ ჩანს. მაშინ რაშია პრობლემა. რატომ ფიქრობენ მოძალადე კაცები, რომ ქალის მკვლელობით არა დანაშაულს ჩადიან არამედ „სამართლიანობას აღადგენენ“?
ქალთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პრობლემა საზოგადოებაშია, სადაც ქალმა ხმის ამოღება გაბედა, თუმცა „ჩვენ ვერაფერი დავახვედრეთ“. მათივე შეფასებით, მხოლოდ პოლიციის ამარა პრობლემის მიტოვება შედეგს ვერ გამოიღებს და უფრო მეტი მსხვერპლი გვექნება.
ისინი ასევე მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, რომ ასეთი შემთხვვეის გაშუქებისას უფრო მეტად სიფრთხილე გამოიჩინონ და არ „ასწავლონ“ მოძალადეებს „როგორ მოკლან“ ქალები. მათი აზრით, ამას უკურეაცია ეძლევა და დანაშაულის რომანტიზება, წახალისება და მკვლელის გამართლება ხდება. არ ვეძებოთ მიზეზი, თუ რატომ კლავენ ქალებს, რადგანაც მკვლელობას მიზეზი არ აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია მედიის მხრიდან სწორ გაშუქებას და სწორ განათლებას თვლის პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად. „რეზონანსთან“ საუბრისას იგი აცხადებს, რომ სახელმწიფომ გაატარა რეფორმები, კანონები შეიცვალა, გამოძიება შეიცვალა, უფრო მეტი ადამიანის დაკავება ხდება, სახეზეა სტატისტიკა, თუმცა ეს ყველაფერი გაზრდილი მსხვერპლის ფასად ხდება. მისი თქმით, რაც არ კეთდება, ეს საგანმანათლებლო ღონისძიებებია და განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს.
„აუცილებელია, რომ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი შეიცვალოს. ამ ქვეყანაში კაცების უმეტესობას ქალი მისი ნივთი და საკუთრება ჰგონია. ეს მენტალობაა შესაცვლელი. განათლების რეფორმაა საჭირო, სკოლაშივე აუცილებელია ისწავლებოდეს ქალთა უფლებები.
„პრობლემასთან მიდგომა უნდა შევცვალოთ. უფროსებსაც უნდა ველაპარაკოთ. ამ საკითხზე კამპანიები უნდა კეთდებოდეს. სოციალური სამსახური ამ ქვეყანაში ჩამონგრეულია, პრევენცია არ ხდება და ეს ქალები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულები“, - ამბობს ბაია პატარაია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუ ამკვლელობებისგან დრამა, ტრაგედია და საგმირო საქმე დაიდგება, თუნდაც ნეგატიური თვალსაზრისით და ამას უყურებს უამრავი მოძალადე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ეს ფაქტები გამეორდება. ამან ეპიდემისი სახე ბოლო დღეების განმავლობაში ამიტომაც მიიღო.
პატარაიას შეფასებით, ამ შემთხვევაში ღიად შეგვიძლია ვისაუბროთ ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზე. მისი აზრით, ფემიციდის სწორ გაშუქებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი და საინფორმაციო პლატფორმის, „ქალები საქართველოდან“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იდა ბახტურიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქალებზე ძალადობის შესახებ მხოლოდ უფლებადამცველები საუბრობენ და მისი აზრით, პრობლემა სწორედ ეს არის. ხოლო როდესაც ეს თემა გაიხსნება და ჩვენს საუბარს იმაზე დავიწყებთ შეცდომას სად ვუშვებთ, ეს პრობლემაც მოგვარდება.
„როდესაც საზოგადოებას უკვე ქალებად და კაცებად ვყოფთ და ვსაზღვრავთ ვის რა უფლებები აქვს, ეს უკვე უთანასწორობას ნიშნავს. ადამიანებს დაბადებიდან ვასწავლით, როგორია ქალის და როგორია კაცის როლი. სწორედ იმიტომ დგას მოკლულ ქალთან კაცი ამაყად, რომ ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ, საზოგადოებამ მივეცით ამის საშულება.
„ამ საზოგადოებაში ცოცხალი ქალიც კი გვამია,იმიტომ, რომ ეს ამ საზოგადოების დაკვეთაა. ქალი თუ ამ გზას წარმატებით გაივლის, საბლოოდ გვამია. ამას თუ ყველა ერთად გავიაზრებთ და ცნობიერების შეცვლას ბაღის ასაკიდანვე შევძლებთ, გამოსავალი აუცილებლად იქნება.
„არ შეიძლება ბავშვს ვზრდიდეთ იმ მენტალობით, რომ უთოს ხელი არ მოჰკიდოს, ან კიდევ სარეცხის მანქანას, რადგანაც იქ მისი კაცობა ირეცხება. საბოლოო ჯამში მკვლელობამდე ამას მივყავართ. კი, ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, მაგრამ მეტი მსხვერპლით. ამ ბრძოლას მსხვერპლი მოაქვს. ქალებმა ისწავლეს, რომ აღარ მოითმინონ, მაგრამ ჩვენ სამაგიეროდ ვერაფერს ვახვედრებთ, რომ გადარჩნენ“, -აცხადებს იდა ბახტურიძე „რეზონანსთან“.
5 მარტს დღისით-მზისით, ხალხის თვალწინ, ქუჩაში ყოფილ ცოლს ქმარმა დანით ჭრილობები მიაყენა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი გამვლელებმა დაიჭირეს და მისი შეჩერება მოასწრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ახალგაზრად ქალს უფრო მეტ ჭრილობებს მიაყენებდა.
მოქალაქეებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, სანამ სამედიცინო დახმარება მივიდოდა, დაჭრილი ქალი კერძო ავტომობილით სავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
4 მარტს ქმარმა ცოლი ჭიათურაში ხალხის თვალწინ ქუჩაში სცემა და მოკვლით ემუქრებოდა. ამ საზარელ ფაქტს კი მათი 5 წლის გოგონაც შეესწრო, რომლის წაყვანასაც მამაკაცი ცდილობდა, თუმცა ამის უფლება გამვლელებმა არ მისცეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ნასვამმა მამკაცმა ცოლს მუშტი თავში ურტყა, შემდეგ კი ყელის გამოჭრით ემუქრებოდა. ის პოლიციამ იმ დღესვე დააკავა.
18 თებერვალს სამტრედიაში ქმარმა ცოლი სამოქალაქო რეესტრში განქორწინების გაფორმებისას მოკლა.
23 წლის ხათირა ჰუსეინოვა ყოფილმა ქმარმა, თელმან მუსტაფაევმა საკუთარ სახლში 16 თებერვლის ღამეს მოკლა სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით.
10 თებერვალს, თბილისში, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ყოფილმა ქმარმა ქალი დაჭრა, რომელიც დასთან ერთად ქუჩაში მიდიოდა.
ამავე დღეს, ახალციხესი მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. ქალი გადარჩა, თუმცა მოძალადე მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
ეს ამ წელს ქალებზე ძალადობის არასრული ჩამონათვალია.