კორონავირუსის ფონზე საქართველოში აგრარულ ბაზრებს მომხმარებელი საგრძნობლად შეუმცირდა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის სავაჭრო სივრცეში ჰიგიენის ნორმები საერთოდ არ არის დაცული, შესაბამისად, დაინფცირებისა და ვირუსის გავრცელების შანსი დიდია. ამიტომ ისინი ცდილობენ დიდ ქსელურ სუპერმარკეტებში შეიძინონ საკვები, თუნდაც ორმაგ ფასში.
აგრარული ბაზრის მოვაჭრეები „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, ბაზარს მომხმარებლები გაუნახევრდა და ვაჭრობის მოცულობაც განახევრდა. ადამიანები თავს არიდებენ ბაზარში შეიძინონ საკვები პროდუქტები, რადგან ფიქრობენ, რომ ჰიგიენის ნორმები საერთოდ არ არის დაცული.
ზაირა თოდუა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ახმეტელის მეტროსთან მდებარე აგრარულ ბაზარში ხილს, ბოსტნეულს და რძის ნაწარმს ყიდის. ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშკარად გაუნახევრდა რეალიზაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, ფინანსურ კრიზისს განიცდის.
„აღარავინ დადის ბაზარში. თავიდან ვფიქრობდი, რომ სახლიდან გამოსვლას ერიდებოდნენ, ახლა კი ვხვდები დახლებზე დადებული საკვების სახლში მიტანას ერიდებიან. ალბათ ჰგონიათ, რომ ასე დაინფიცირების შანსი მეტია, რადგან ბაზარი მაინც არაჰიგიენურობასთნ ასოცირდება. ჩვენ არ ვასუფთავებთ პროდუქტს რაიმე განსხვავებული ფორმით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც სუპერმარკეტებში იკლავენ თავს დეზინფექციით.
ვაჭრობა გამინახევრდა, თანხა ვეღარ მიმაქვს სახლში და პროდუქტიც მიფუჭდება. იმაზე დიდი პანიკაა, ვიდრე უნდა იყოს და ამასობაში ძალიან დავზარალდით“, - განაცხადა ზაირა თოდუამ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
მომხმარებლები ფიქრობენ, რომ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საქმე ადამიანების ოჯახის წევრების მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას ეხება. მათ ურჩევნიათ სუპერმარკეტში შეიძინონ სხვადასხვა პროდუქტი და იყვნენ შედარებით მშვიდად.
ნინო ელბაქიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უკვე ორი კვირაა საქართველოში არც ერთ აგრარულ ბაზარში აღარ მისულა და პროდუქტებს მხოლოდ სუპერმარკეტში ყიდულობს.
„ჯერ ერთი, რომ ხალხმრავალი ადგილია და ამიტომაც ვარიდებ იქ მისვლას თავს, თანაც ყველამ იცის, რომ ბაზარში ჰიგიენის ნორმებს არავინ იცავს. ბევრჯერ მინახავს ძირს დაგდებული პროდუქტი ისევ დახლზე დაუდიათ. ამას გარდა, უამრავი ადამიანი ეხება ხელით არა მარტო ხილს და ბოსტნეულს, ყველსაც და ხორცსაც. არ მინდა ასეთი პროდუქტი ამ საშინელი ვირუსის დროს სახლში მივიტანო ბავშვებთან.
სუპერმარკეტებში დადივარ - "აგოჰაბში", "გუდვილში" და იქ ვყიდულობ. თუნდაც ორმაგი გადავიხადო ჩემი შვილების ჯანმრთელობა ამად ნამდვილად მიღირს. ვიცი, რომ არც იქ უტარდება ყველაფერს დეზინფექცია, მაგრამ ყველს და ხორცს მაინც არ ეხება ოცი ადამიანი ხელით და ჰაერში არ დევს მტვერში და უბედურებაში“, - განაცხადა ნინო ელბაქიძემ.
საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულონ. მათი დიდი ნაწილი ეთმობა პირადი ჰიგიენის დაცვას, ხელების ხშირად დაბანას და დისტანციურ ურთიერთობას ადამიანებთან. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ქალაქში შექმნილი პანიკა მათ საქმიანობას ძალიან აზარალებს. როგორც მათ „ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადეს, აუცილებელია ახალი რეკომენდციები, რომელითაც საზოგადოებას ჯანსაღ აზრს მიაწოდებენ.
ლეილა ოთხმეზური ერთ-ერთი გარემოვაჭრეა, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ დაზარალდა.
„საშინელ მდგომარეობაში ვართ. ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენზე გადაიარა, გარევაჭრობის აკრძალვამაც და ახლა ეს კორონავირუსიც პირველ რიგში, ჩვენ შეგევხო. მეორე კვირაა მთელი დღის განმავლობაში 10 ლარსაც კი ვერ ვვაჭრობ, უმძიმესი სიტუაციაა. დახლები დაცარიელდა, ხალხი საერთოდ არ არის.
ისიც არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ და როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი. ერთი თვე კიდევ რომ ასე წავიდეს ვაჭრობა, დავიღუპებით. მე ხალხის ნამდვილად მესმის, ძალიან რთული მდგომარეობაა, მაგრამ მაშინ სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს რამე და აუცილებლად მოგვაქციოს ჩვენ ყურადღება - ან დეზინფექცია ჩაატარონ, ან გამოვიდნენ და თქვან, რომ იგივე რისკია სუპერმარკეტებშიც, რაც ბაზარზე ან რაიმე სხვა უნდა მოიფიქრონ საშინელება ხდება. ფინანსური ვალდებულებები გვაქვს და ვერ ვისტუმრებთ ვალებს, რადგან ვაჭრობა საერთოდ აღარ არის," - განაცხადა ლეილა ოთხმეზურმა.