თამთა ჩაჩანიძე
10.03.2020

პარასკევს 6 მარტს სოხუმიდან კოდორის ხეობისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე მდებარე გვირაბი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ამის შესახებ გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარის დე ფაქტო გამგებელმა სერგეი ჯონუამ განუცხადა „სპუტნიკ აბხაზიას". გარკვეული რისკის ფასად, ავტომობილებს გვირაბში გავლა ჯერ კიდევ შეუძლიათ, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გვირაბის კონსტრუქცია იმდენად არამყარია, რომ ახლო მომავაში შესაძლოა მთლიანად ჩამოინგრეს.

ორშაბათს, 9 მარტს, კოდორის ხეობაში ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია ჩავიდა, რათა არსებული გზის მდგომარეობა თავად ენახა.

„გვირაბის ნაწილი პარასკევს საღამოს ჩამოიშალა. მართალია, ამჟამად შეგიძლიათ ნანგრევის გვერდის ავლით გაიაროთ, მაგრამ შესაძლებელია გვირაბი კიდევ ჩამოიშალოს. თუ ეს მოხდა, მაშინ კოდორის ხეობასა და მიმდებარე სოფლებში მისასვლელი გზა აღარ იარსებებს", -განაცხადა ჯონუამ.

მისივე ცნობით, გვირაბის შესაძლო ჩამონგრევის საკითხი ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ წამოიჭრა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ეს პრობლემა არ მოგვარდა. მაშინ ექსპერტები გვირაბის დახურვას და სარემონტო სამუშაოების დაწყებას ითხოვდნენ, მაგრამ ეს კოდორის ხეობასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით,გვირაბის რესტავრაციასთან დაკავშირებით, მოწვეულ იქნა ურალის ექსპერტთა ჯგუფი, მათი დასკვნით კი გვირაბის კაპიტალური რემონტისთვის აუცილებელია, რომ არსებული გზა მთლიანად გადაიკეტოს, გვირაბის აღდგენას კი დაახლოებით 240 მილიონი რუბლი (დაახლოებით 9 მილიონი ლარი) დასჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×