
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. როგორც „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს, ქადაგიძესთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. იმ ფაქტს, რომ ამ თანამდებობაზე არ დასახელდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის კანდიდატურა, იმით ხსნის, რომ ხელისუფლებამ და „კლანმა" ვეღარ გაბედა ამ ფიგურის წინ წამოწევა.
„თადუმაზეძე საუბარი საზოგადოებაში უფრო იყო, ვიდრე „კლანის" და სასამართლოს მხრიდან. ამ ნაბიჯით გამოჩნდა ის, რომ ხელისუფლებამ და „კლანმა" ვეღარ გაბედა არჩევანი გაეკეთებინა თადუმაძის ან მიქაუტაძისნაირ ფიგურებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ნეგატიური და მწვავე მოსაზრებები არსებობს საზოგადოებაში.
„ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. ყველა განცხადებაში, რაც ხელისუფლებას გამოეგზავნა, ხელისუფლების კრიტიკა იყო, არა მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არამედ თითქმის ყველა განცხადებაში მოხსენიებული იყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და პრობლემები.
„თუმცა, ეს არ ნიშნავს კარგ გადაწყვეტილებას, რადგან ნინო ქადაგიძესაც აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ვერ დაიკვეხნის კეთილსინდისიერი მოსამართლეობით, რადგან დარღვევით არის არჩეული, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მიუხედავად დარღვევებისა, ის ძალიან მშვიდად დათანხმდა იმ პროცესს, რაც ხდებოდა ასევე მისი მონაწილეობით. ამასთან, მას პრობლემა აქვს კვალიფიკაციასან დაკავშირებითაც. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რატომ გაკეთდა არჩევანი ამ ადამიანზე.
„საბჭოს სხდომამდე იყო კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, რომელიც იყო სრულიად არასერიოზული. კონსულტაციების დროს გამოვიდა მერაბ გაბინაშვილი და დაასახელა თადუმაძის კანიდიდატურა, შემდეგ გამოვიდა მოქმედი მოსამართლე წულაძე და დაასახელა ქადაგიძის კანდიდატურა და ა.შ.
„ეს იყო ძალიან არასერიოზული, უპატივცემულობის გამოხატვა საზოგადოებისადმი. თუ არ აპირებდნენ თადუმაძის არჩევას და საბჭოს სდომაზე მისი კანდიდატურის განხილვას, რა საჭირო იყო ის თეატრალიზებული შოუ კონსულტაციების სახით, რომელიც დადგა საბჭომ? ისინი უბრალოდ საზოგადოების ნერვებზე თამაშობენ," - უთხრა „რეზონანსს" ჯანეზაშვილმა.
საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნის. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.
ცნობისათვის, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა და გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება დაასახელა.