არავინ იცის, სადამდე გასტანს არეულობა როგორც მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე, ასევე საქართველოში
თამარ მუკბანიანი
10.03.2020

ეროვნული ვალუტა ორ დღეში 2.85-ის ნიშნულამდე გაუფასურდა. სწორედ ეს კურსი დაადგინა ოფიციალურად ეროვნულმა ბანკმა 11 მარტისათვის. სავალუტო ბაზარზე ორშაბათიდან მოყოლებული პანიკაა. რა ააუფასურებს ლარს და იყო თუ არა მოკლევადიანი მისი 2.80-ის ზღვარს ჩამოცდენა, სპეციალისტები ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს ვერ იძლევიან. მათი აზრით, გაუფასურება კორონავისურის გამო გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინმა გამოიწვია და დიდწილად მასზეა დამოკიდებული, რა იქნება სამომავლოდ. 

უკვე მესამე დღეა ლარი კატასტროფულად უფასურდება. სამშაბათ დილით, "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე გაცვლითმა კურსმა 2,87-იან ნიშნულს მიაღწია. კვირის დასაწყისიდან მოყოლებული დოლარის მიმართ 3,5%-ით გაუფასურდა. გაურკვევლობაა გარე სავალუტო ჯიხურებსა და ბანკების გაცვლით პუნქტებშიც. ოფიციალური კომენტარი ეროვნული ვალუტის უეცარი ვარდნის შესახებ არ გაკეთებულა. "რეზონანსი" საბანკო და საფინანსო სისტემებში კარგად ჩახედული სპეციალისტების მოსაზრებით დაინტერესდა.

საბანკო ასოაციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი ქცევის გაანალიზება ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელია, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი ვალუტის. კორონავირუსი და მისი ირიბი ეფექტი ბაზარს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადს ხდის. 

"ამ ეტაპზე, აბსოლუტურად შეუძლებელია რამის წინასწარმეტყველება და იმის გაანალიზება რატომ აქვს ლარს ამ ეტაპზე ასეთი ქცევა ან რამდენხანს შენარჩუნდება 2.85-ის ნიშნულზე. 

კორონავირუსმა და მისმა ირიბმა გავლენამ, როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად არაპროგნოზირებადი გახადა ბიზნეს გარემო, ფასიანი ქაღალდები და ფინანსური ბაზარიც. ეს არის მოცემულობა, რომელიც არავინ იცის, სადამდე გასტანს. დღეს ასეთია მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემების აზრიც. 

თუ დავაკვირდებით, ლარი ევროსთან მეტად გაუფასურდა, ვიდრე დოლართან. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს წამყვანი ვალუტებიც ასეთ ქაოსში არიან დალარი არც მყარდება და არც უფასურდება, უბრალოდ, მათი ასახვა ხდება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზეც. ამასთან, ირიბი გავლენა იმდენად დიდია მსოფლიოს ეკონომიკაზე, რომ მნიშვნელოვნად დაეცა საწვავის ფასიც. 

ამ ვითარებაში, რეალობიდან გამომდინარე ერთადერთი პოზიტიური პროგნოზი რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მდგრადი რჩება და მის რეზისტენტულობას, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. სხვა მხრივ კი არსებითი ანალიზის გაკეთება ახლა შეუძლებელია”, - განუცხადა "რეზონანსს" ძნელაძემ. 

ლარის გაუფასურებას დროებითს უწოდებს საბანკო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. ისიც ადასტურებს, რომ ლარი კორონავირუსის გამო გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინმა შეასუსტა. 

,,ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: პირველი - ფუნდამენტური ფაქტორები, გაცვლით კურსზე ამწუთას არ მოქმედებს და უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მაჩვენებელი, საკმაოდ გაზრდილია, მათ შორის რეინვესტირების მაჩვენებელი, ანუ ვალუტა კი არ არის გასული ქვეყნიდან, პირიქით, დარჩა ეკონომიკაში. 

მეორე - აქ მოქმედებს უარყოფითი მოლოდინი კორონავირუსთან დაკავშირებით, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ნავთობის  ფასის ვარდნა, საფონდო ბირჟებზე ინდექსების გაუფასურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლო პერიოდში, დოლარი ისედად მყარდებოდა ყველა სავაჭრო პარტნიორი ვალუტის მიმართ. 

რაც შეეხება პროგნოზს, პირველ რიგში, საყურადღებოა, რომ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა, მონეტარული განაკვეთი შეამცირა, ზუსტად იმის გამო, რომ დოლარი ზედმეტად გამყარდა. გამომდინარე აქედან, დოლარის შესუსტდება და ეს პოზიტიურად აისახება ლარზე. 

უნდა ითქვას ისიც, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორია რუსული რუბლის მკვეთრი ვარდნა. ამ ყველაფერს, მე დროებით მომენტებს დავარქმევდი. პერსპექტივაში, ლარის მერყეობა დროებითია“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან” სპეციალისტმა. 

2020 წლის 10 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. შეიძლება ამით მთავრობა ცდილობს მიმოქცევაში არსებული ლარის მასა შეამციროს და ამით ლარის რესურზე მოთხონა გააჩინოს, რაც მისი კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×