ალექსანდრე კორტავა
10.03.2020

„ნებისმიერ შემოთავაზებას მივიღებთ ოპოზიციისგან და ნებისმიერი ადამიანისგან ოლქების გადანაწილების თაობაზე. თუმცა, 30 მაჟორიტარი ის ლიმიტია, რომლის გაზრდის შემთხვევაშიც არაადეკვატური იქნებოდა ნებისმიერი დაყოფა“, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „რეზონანსთან“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ 30 არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იმ არჩევანთა შორის, რომელიც მათ ჰქონდათ:

„ჩვენ როდესაც 20 მაჟორიტარულ ოლქზე ვსაუბრობდით, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო გეოგრაფიული მონაცემებით ასეთი ოლქების შედგენა. ეს, მე ვფიქრობ, ოპონენტებმაც გაიგეს და ამიტომ მათი თანხმობა მისასალმებელია 30 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 30-ის გაზრდით „საარჩევნო ოლქების გეოგრაფია ვერანაირად ვერ შედგება“. მისი თქმით, მმართველი ძალა ოპონენტებს საკუთარ სქემასა და გეოგრაფიულ დანაწილებას წარუდგენს, თუმცა ფიქრობს, რომ მოსაზრებებს შორის მკვეთრი სხვაობა არ უნდა იყოს.

დღეს ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზე ისაუბრა და შესაძლო ვარიანტებიც დაასახელა. მონაცემები ასეთია:

თბილისი - 7

სამეგრელო - 3

გურია - 1

აჭარა - 3

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი - 1

იმერეთი - 4

კახეთი - 3

შიდა ქართლი - 2

ქვემო ქართლი - 3

სამცხე-ჯავახეთი - 2

მცხეთა-მთიანეთი - 1

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა, საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები და შეამციროს მათი რაოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით ჭირს, მაგალითად, თბილისსა და იმერეთში. ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

მისი შეფასებით, ახლო მომავალში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის აუცილებელია კონსულტაციის გამართვა ოლქებთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×