ალექსანდრე კორტავა
10.03.2020

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი. კიდევ უფრო მეტია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც, ხელისუფლების რეკომენდაციით, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. თუმცა, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები თვითიზოლაციის წესებს არღვევენ და კარანტინიდან გაქცევას ცდილობენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 10 მარტს გაიმართა, ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა:

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.“

იგეგმება თუ არა რაიმე სანქციების შემოღება, ვთქვათ, ფულადი ჯარიმის სახით იმ მოქალაქეებისათვის, ვინც ამ წესებს დაარღვევენ - ამაზე „რეზონანსი“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა, რომელიც ამავდროეულად უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრიცაა.

„ჩვენ ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეინიშნება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის არარსებობა, ან დაბალი პასუხისმგებლობა. ეს ყველაზე არ ვრცელდება, მაგრამ ასეთი ფაქტები არსებობს. განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც არიან თვითიზოლაციაში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები თითქოს არიან თვითიზოლაციაში, მაგრამ საკმაოდ ხშირად ისინი კონტაქტობენ სხვებთანაც.

„მხოლოდ ხელისუფლების ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საკმარისი არ არის. ყოველდღე პრემიერის ხელმძღვანელობით იმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ამ შეხვედრას პრაქტიკულად ყველა პასუხისმგებელი მინისტრი ესწრება. არ არსებობს მართვის პრობლემა და არ არსებობს ფინანსების პრობლემა. მთავარია მოქალაქეების მიერ რეკომენდაციები იქნას შესრულებული“, - განუცხადა ხუნდაძემ „რეზონანსს“.

მან კორონავირუსის პრევენციისათვის მისალმების არსებულისგან განსხვავებული ვარიანტიც შესთავაზა საზოგადოებას: „გულზე ხელი დავიდოთ და ასე მივესალმოთ ერთმანეთს, გულწრფელად და უსაფრთხოდ. დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და არც სხვა დავაზიანოთ. ჩვეული წესი კი დროებით გვერდზე გადავდოთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×