
„მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმში ბლოკების საკითხი შესული არ არის, ვთვლი, რომ მოქმედ ნორმაში ბლოკების შექმნის უფლება უნდა დარჩეს და ეს იქნება დამატებითი კონსულტაციების საკითხი“, - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ბლოკების შექმნის საკითხი დღეს ღიად არის და არ გამორიცხავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს.
„თავისუფალი საქართველო“ ბლოკის შექმნას არ აპირებს, ჩვენ დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებზე, თუმცა ვთვლი, რომ მოქმედ ნორმაში ბლოკების შექმნის უფლება უნდა დარჩეს, რადგან არის პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი, რომლებსაც ბლოკები აწყობს. თუ ყველანი კმაყოფილნი ვართ ამ შეთანხმებით, რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ მათი ინტერესები, ვისაც ბლოკების შექმნა აწყობთ?
„ნაწყენი არავინ უნდა დარჩეს და, რომ იტყვიან, მადლს მარილიც უნდა მოვაყაროთ. ისე, მსხვილმა პარტიებმა დაღუპეს ეს ქვეყანა და პატარა პარტიებს არაფერი დაუშავებია. თუ ბლოკების შექმნის საკითხი დადგება, ჩვენ მხარს დავუჭერთ და ეს იქნება დამატებითი კონსულტაციების საკითხი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კახა კუკავამ.