
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმში გადადის. სკოლებში კი არდადეგები სავარაუდოდ გახანგრძლივდება. როგორც განათლების სამინისტროში „რეზონანსს" უთხრეს, ყველაფერი დამოკიდებულია არსებულ მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა შეიქმნება, სკოლებში სწავლა 16 მარტს აღარ განახლდება.
„ხვალ-ზეგ გაირკვევა, გახანგრძლივდება თუ არა არდადეგები. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდმდგომარეობაზე. თუ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურად მოგვამრთავს, ბუნებრივია გავითვალისწინებთ. დაველოდოთ მომდევნო ორი დღე როგორი იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ვიმოქმედებთ. რეალურად ამაზე ვართ დამოკიდებული," - გვითხრეს სამინისტროში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა:
„მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა მან.
განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც.
განმყრელიძის თქმით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები. საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს.
ცნობისათვის, ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი სავარაუდოდ დათანხმდება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს ელოდებიან და ამავე დროს, ინტენსიურად მიმდინარეობს მზადება სასწავლო კურსებში ელექტრონული კომპონენტების დამატების თაობაზე. თსუ-მ ამის შესახებ „ნეტგაზეთისთვის" გამოგზავნილ წერილობით პასუხში განაცხადა.
თსუ-ს თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ წინასწარ განსაზღვრულ აკადემიურ ვადებს მიყვნენ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის თქმით, სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალები, პრეზენტაციები და ვიდეოჩანაწერები იტვირთება და ხდება მათი ტესტირება.
თსუ აგრეთვე აღნიშნავს, რომ სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს მიაწვდის გაკვეთილებს, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, ხოლო დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ-ს ვებ-გვერდზე, „ფეისბუქის" გვერდზე და სტუდენტების პორტალ Lms.tsu.ge-ზე. სტუდენტები, თსუ-ს განცხადებით, აგრეთვე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.
თსუ-ს მსგავსად დისტანციურ რეჟიმში გადადის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ამის შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ოფიციალურ გვერდებზე გამოაქვეყნეს.
„სეუ გადადის ონლაინ ელექტრონულ სწავლა/სწავლებაზე. მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების მაღალი ინტენსივობისა და სახელმწიფოს მიერ პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ, ირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე - 26 თებერვალს გადაწყდა საგაზაფხულო სემესტრის 2 მარტის ნაცვლად 9 მარტს დაწყება; ახალი კორონა ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის გამო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყება გადაიდო 16 მარტისთვის!
სწავლის ვადების კვლავ გადაწევის შემთხვევაში, რადგან გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი ღონისძიება მასობრივი თავშეყრის ადგილების მაქსიმალური შეზღუდვაა, სეუ გამოთქვამს მზადყოფნას, უმოკლეს ვადაში (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) დანერგოს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებული და მიღებული ელექტრონული სწავლა/სწავლების მეთოდები,
ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არ იქნება სხვა რეკომენდაციები ან ახალი ვირუსის გამო გამოცხადებული საგანგაშო მდგომარეობა არ განეიტრალდება," - აღნიშნულია სეუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კი იუწყება:
„გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 16 მარტს. ახალი კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი უსაფრთხოებისათვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაზაფხულის სემესტრი დავიწყოთ დისტანციურ რეჟიმში, კერძოდ:
არგუსის მეშვეობით მოგეწოდებათ სასწავლო მასალები ელექტრონულად, გაციფრებული სახით;
ასევე, არგუსის სისტემას დაემატება ვიდეოლექციების სექცია, რომელსაც ლექტორები კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე (ზოგი კურსის წარმართვა ვიდეოლექციების გარეშეც შესაძლებელია), საჭიროების შემთხვევაში, არგუსის სისტემის გამოყენებით ჩაწერენ და ატვირთავენ სასწავლო მასალების სექციაში.
დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოგაწვდით.
ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დახურული იქნება უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ხოლო თქვენთვის საჭირო მომსახურებას მიიღებთ დისტანციურად. ამ პერიოდში ვერ შეძლებთ უნივერსიტეტის შენობაში შემოსვლას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა ელექტრონული საქმისწარმოების წესზე. შეგიძლიათ განცხადება დაწეროთ ან/და ინფორმაცია გამოითხოვოთ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად, არგუსზე არსებული განცხადების შესაბამისი შაბლონის მეშვეობით და, გამონაკლის შემთხვევებში, მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.